ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა სერიოზული ესკალაცია იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრე სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სერიოზული იქნება და კონფლიქტს ახალ ეტაპზე გადაიყვანს, დამატებითი ესკალაციის ეტაპზე“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
მისივე თქმით, თუ ჩრდილოთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად დაიწყებენ, მაშინ ეს იმის მანიშნებელიც იქნება, რომ რუსეთს ომში დიდი სირთულეები აქვს.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი აღმოსავლეთ რუსეთში ამჟამად წვრთნას გადის და 1-ელი ნოემბრისთვის ისინი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მზად იქნებიან.