ღაზის სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
მათივე ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა, ბევრი კი ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. მათი მტკიცებით, „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია და არ ემთხვევა ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ჰამასის“ ხელისუფლების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ღაზაში 42 519 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი დაშავდა.
შეგახსენებთ, ისრაელი-ჰამასის ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი და 251 მძევლად აიყვანეს. ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“ გაანადგურებს. რამდენიმე დღის წინ ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობამ კონფლიქტის დასრულების გარკვეული იმედი გააჩინა, მაგრამ ჯგუფის ლიდერის მოადგილემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ მხოლოდ გაძლიერდება და მძევლებს არ გაათავისუფლებენ მანამ, სანამ ისრაელი ღაზას არ დატოვებს.