თბილისში მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება. მარში ორგანიზატორ - არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე შეკრებას ხუთ ლოკაციაზე დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედანი, გმირთა მოედანი, 300 არაგველის ობელისკი, მარჯანიშვილის მოედანი და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა. ხუთივე ადგილიდან მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიწყება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტია დაგეგმილი. თბილისში დაგეგმილ მარშს უერთდება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპულ მარშზე ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციის ნება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არსებული ვითარებით კმაყოფილია, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი ყველა ოპოზიციური ძალა, დოკუმენტის სულისკვეთების ერთგული რჩება.