„საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით თბილისში მარში გაიმართა - ის 5 ლოკაციიდან დაიწყო. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, 300 არაგველის ძეგლთან, ამაღლების ქუჩაზე, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები, მეცნიერები, მსახიობები, მუსიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ. თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სცენიდან მოქალაქეებს აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართეს. ასევე გაიმართა კონცერტიც. როგორც აქციის ორგანიზატორები და მისი მონაწილეები ამბობენ, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ და თავისუფალ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. მათივე შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.