არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის , - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.
ამით სტანომ უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, კერძოდ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოსთანაც, ისევე როგორც მოლდოვასთან.
ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას სხვა სადამკვირვებლო მისიით.
„მრავალმხრივია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და საქართველოში პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში, ბევრი საკითხის შესახებ, ბოლო დრომდე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით. შემდეგ საქართველოში დიდი ცვლილება მოხდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოფიციალურმა პირებმა ხელისუფლებიდან ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს და სწორედ ამიტომ, ჩვენმა ურთიერთობებმა ოდნავ განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. ასე რომ, ევროკავშირის სპეციალური მისია არ არის, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას სხვა მისიით - სადამკვირვებლო მისიით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ფორმირებებთან დაკავშირებული არსებული ვითარების გამო იქ არის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება, თუ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება“, - განაცხადა პიტერ სტანომ.