* ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი -
"მუსიკა - სიჩუმეა, რომელიც ბგერებს შორის ცხოვრობს", - ამბობდა ავსტრიელი ვირტუოზი, კომპოზიტორი და ინსტრუმენტალისტი, ვენის კლასიკური სკოლის უდიდესი წარმომადგენელი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა მსოფლიო მუსიკალურ კულტურაზე და სამუდამოდ შეცვალა წარმოდგენა კლასიკურ მუსიკაზე.
* * *
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1756 წლის 27 იანვარს დაიბადა ზალცბურგში. მართალია, მის მშობლებს შვიდი ჩვილი ჰყავდათ, მაგრამ ხუთი ჩვილობაში დაიღუპა. მხოლოდ მოცარტის უფროსი და - მარია ანა და თავად ამადეუსი გადაურჩნენ სიკვდილს, რომლის სახელი - ამადეუსი - "ღმერთის რჩეულს" ნიშნავდა, თუმცა თვითონ ვოლფგანგი უფრო მოსწონდა.
* * *
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მოცარტმა, რომელიც 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, 600-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა. მართალია, ვირტუოზ მუსიკოსს მარცხენა ყურის დეფექტი ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტური სმენით იყო დაჯილდოებული. მეტიც, მისი თანამედროვეების მტკიცებით კომპოზიტორს ფენომენალური მეხსიერება და იმპროვიზაციის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 1770 წელს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მუსიკალური სასწავლებლის - ბოლონიის ფილარმონიული აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა.
* * *
მუსიკალური ნიჭი მოცარტმა საკმაოდ ადრე გამოავლინა. 3 წლის ვოლფგანგ ამადეუსი იმ პიესების ცალკეული ეპიზოდებს უკრავდა კლავესინზე, რომლებიც მანამდე ჰქონდა მოსმენილი, 5 წლისამ კი, საკუთარი ნაწარმოებების შექმნა დაიწყო.
ინსტრუმენტზე დაკვრა ვოლფგანგს მამამ - ლეოპოლდ მოცარტმა ასწავლა, რომელიც თავადაც მუსიკოსი იყო, ბრწყინვალედ უკრავდა ორღანსა და ვიოლინოზე, საეკლესიო გუნდს ხელმძღვანელობდა და კომპოზიტორად მსახურობდა ზალცბურგის არქიეპისკოპოსის კარზე. არსებობს ლეგენდა, თითქოს ლეოპოლდი მუქი ფერის ქსოვილით ფარავდა კლავესინის კლავიშებს და ახვეული თვალებით ასწავლიდა შვილს დაკვრას.
10 წლამდე მოცარტს საყვირის ხმის ეშინოდა, რომელიც მისთვის ზედმეტად უხეში და ხმამაღალი იყო, ამიტომ არასდროს უსმენდა მოძულებულ საყვირს სხვა ინსტრუმენტების თანხლების გარეშე.
* * *
მოცარტის მუსიკით თავად გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე აღფრთოვანდა, რომელიც მხოლოდ 7 წლით იყო მასზე უფროსი. ამბობენ, თითქოს ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ მცირეწლოვან ვოლფგანგთან 14 წლის მოზარდი მივიდა და გულწრფელად გამოუტყდა, რომ მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული, ყოველთვის კომპოზიტორობას ნატრობდა, თუმცა ლექსების მეტი თავში არაფერი მოსდიოდა.
* * *
მუსიკალური ნიჭის გარდა, მოცარტს ბრწყინვალე იუმორის გრძნობაც ჰქონდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მეგობრის ხუმრობას, რომელმაც უზარმაზარი ყუთი გაუგზავნა მოკლე წერილით, "ძვირფასო ვოლფგანგ, ცოცხალი ვარ და კარგად ვარ!" მოცარტმა ხუმრობითვე უპასუხა, თავადაც ყუთი გაუგზავნა, თუმცა ქვის ლოდითა და წერილით, "ძვირფასო მეგობარო, სწორედ ამ ლოდის სიმძიმისგან განვთავისუფლდი, როცა შენი შეტყობინება მივიღე".
* * *
მოცარტისა და სალიერის კონკურენცია, რომელიც ლეგენდად იქცა მუსიკის ისტორიაში, 1880-იან წლებში დაიწყო, როცა იმპერატორმა იოზეფ მეორემ ერთგვარი შეჯიბრი მოაწყო კომპოზიტორებს შორის და კომიკური ოპერის შექმნა დაავალა. პაექრობის გამარჯვებული ანტონიო სალიერი გახდა, რაც გადმოცემის თანახმად, ძალიან მტკივნეულად განიცადა მოცარტმა.
მოგვიანებით, ვოლფგანგ ამადეუსმა სანაძლეო შესთავაზა კონკურენტს, რომ ოთხ ხელში შესასრულებელ ურთულეს კომპოზიციას დამოუკიდებლად დაუკრავდა კლავესინზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუმცა მოცარტმა მაინც შეძლო ნაძლევის მოგება, როცა პარტნიორის დანაკლისის შესავსებად ცხვირით შეუდგა დაკვრას.
სალიერის დამსახურებაა კონკურენტის ოპერის "ფიგაროს ქორწინების" პოპულარიზაციაც. მართალია, დღეს ოპერა მსოფლიო შედევრად ითვლება, მაგრამ 1786 წელს მაყურებელმა საკმაოდ ცივად მიიღო. მეტიც, რამდენიმე დადგმის შემდეგ "ფიგარო ქორწინება" საერთოდ ამოიღეს ვენის თეატრის რეპერტუარიდან და მხოლოდ სალიერიმ დააბრუნა, რომელიც ოპერას ბრწყინვალე ნამუშევრად მიიჩნევდა.
* * *
ვოლფგანგ ამადეუსი 1791 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მართალია, მისმა ნაადრევმა სიკვდილმა უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მთავარი ეჭვმიტანილად კი, ისევ მთავარი კონკურენტი ანტონიო სალიერი იქცა, რომელმაც თითქოს ძლიერი მეტოქის კონკურენციას ვერ გაუძლო და მოწამვლით გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება, მაგრამ სინამდვილეში ახალგაზრდა მოცარტს უამრავი დაავადება აწუხებდა, რომელთა წინაშე უძლური აღმოჩნდა მისი ეპოქის მედიცინა.
მეტიც, თანამედროვე ექსპერტების მტკიცებით, სწორედ არასწორმა მკურნალობამ დაამძიმა კომპოზიტორის ქრონიკული დაავადებები - რევმატოიდული ართრიტი და თირკმელების უკმარისობა, რასაც ზედა სასუნთქი გზების მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციაც დაემატა და პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მისი მკურნალობა.
უბადლო ნიჭისა და გენიალურობის მიუხედავად, მოცარტი ყოველთვის სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. მეტიც, მის ოჯახს დაკრძალვის თანხაც არ აღმოაჩნდა, ამიტომ კომპოზიტორი საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს რამდენიმე მაწანწალასთან ერთად.