საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა. ვნახოთ როგორია მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი. The Heritage Foundation-მა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო 2025 წელს 69 ქულით მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ქულა 68.4-ს შეადგენდა. ამასთან, საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის, მეოცე ადგილს იკავებს. გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური სისუსტეები უფრო მიზანმიმართულ რეფორმებს მოითხოვს, რადგან მარგინალურმა რეფორმებმა დიდი გაუმჯობესება ვერ მოიტანა. სახელმწიფო დანახარჯები კი, მშპ-ის წილში იზრდებოდა, ხოლო ბიუჯეტის ბალანსი უარყოფითი იყო. „საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის ინდექსის მიხედვით შეფასებულია როგორც "ზომიერად თავისუფალი". კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რთული გარე და პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა შედარებით კარგად მუშაობს. ასევე, ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობის მოკრძალებული დონე. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნებს, სომხეთს ამ რეიტინგში 57-ე ადგილი აქვს;
აზერბაიჯანს 75-ე; თურქეთს 111-ე; ხოლო რუსეთს 135-ე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2025 წლის ინდექსის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა სინგაპური, შემდეგ მოდის შვეიცარია, მესამე ადგილზეა ირლანდია, ხუთეულში შედიან ტაივანი და ლუქსემბურგი. რეიტინგის 5 აუტსაიდერი ქვეყანა კი: ჩრდილოეთ კორეა, კუბა , ვენესუელა, ზიმბამბვე და სუდანი არიან.