საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, „2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა“. საია განცხადებაში ორგანიზაციის მიერ გასულ წელს ჩატარებულ კვლევაზე მიუთითებს, რომლის მიხედვით გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოვლინდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, სტატისტიკის წარმოების, ძალადობაგამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის და მხარდამჭერ სერვისებზე, მათ შორის თავშესაფრებზე წვდომის კუთხით. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, ,,ქართული ოცნება” საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლობიდან გააქროს სიტყვები “გენდერი” და “გენდერული თანასწორობა”.