საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურად თითქმის მილიარდ 166 მილიონი დოლარით შემცირდა. მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურ ჭრილში 27%-ით, მთლიანი რეზერვების მოცულობა კი 10.8%-ით შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი რეზერვები 512 მლნ დოლარზე მეტით, სავალუტო რეზერვები კი მილიარდ 166 მილიონი დოლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4 მილიარდ 746 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს თებერვალში კი უკვე 4 მილიარდ 234 მილიონი დოლარი იყო.
რაც შეეხება კონკრეტულად სავალუტო რეზერვებს, სებ-ის სტატისტიკით 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით 3 მილიარდ 129 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის მილიარდ 166 მილიონი დოლარით ნაკლებია, 2025 წლის იანვართან შედარებით კი თითქმის 207 მლნ დოლარით ნაკლები.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვლის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.496 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 633 მლნ დოლარს ინახავს. რაც შეეხება ოქროს რეზერვების მოცულობას, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით დაახლოებით 650 მლნ დოლარს შეადგენს.