სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ბენეფიტების ფონზე. როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირში ექსპორტს საქართველოში რეგისტრირებული მხოლოდ 976 კომპანია ახორციელებს. მართალია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 58%-ით არის გაზრდილი, მაგრამ ეს საქართველოში მოქმედი კომპანიების ერთი პროცენტიც არ არის, უფრო ზუსტად კი მხოლო 0.34% ახორციელებს ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტს. არადა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების დაახლოებით 68%-ზეა დაახლოებული. საინტერესოა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წელს ბრუნვის მოცულობა 4.53 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5.16 მლრდ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრუნვის ზრდა იმპორტის ხარჯზე მოხდა. თუ 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 3.83 მლრდ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2024 წელს უკვე 4 მილიარდ 600 მილიონს მიაღწია. რაც შეეხება ქართული პროდუქციის ექსპორტს, 2023 წლის 609 მლნ დოლარიდან 2024 წელს 477 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს მხოლოდ 2014 წელს ჰქონდა, როცა ექსპორტი ევროკავშირში 400 მილიონ დოლარს მცირედით აჭარბებდა