ევროპელი ლიდერები სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესს ეხმაურებიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები რუსეთის ამბიციების გამო სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიების მიმართ რუსეთის წინააღმდეგობა მიანიშნებს, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება გარანტიებით არ იქნება დაცული, მაშინ რუსული მხარე მას დაარღვევს. სტარმერმა ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივაზე, რომელსაც უკრაინა დათანხმდა. მისივე თქმით, რუსეთზე როგორც აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება მნიშვნელოვანია. პარალელურად, კანადაში დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. კანადის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ლიდერებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა სურთ და იმედი გამოთქვა რომ რუსეთის უკანონო აგრესიის წინაშე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისათვის გზები გამოინახება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, არ სურს, რომ “დიდი შვიდეული” რუსეთთან მიმართებაში “მტრულ” ენას იყენებდეს.