* ბერნარდ ბარუხი -
მართალია, ბერნარდ ბარუხი ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა და აქტიურად საქმიანობდა სამხედრო მრეწველობის სფეროში, მაგრამ ისტორიაში მაინც წარმატებული საბირჟო მაკლერის სტატუსით შევიდა და "უოლ-სთრითის მარტოხელა მგლის" მეტსახელიც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.
* * *
ბერნარდ მანეს ბარუხი 1870 წლის 19 აგვისტოს დაიბადა სამხრეთ კაროლინას შტატის უძველეს ქალაქ კამდენში, რომელიც ისტორიული წარსულის გარდა განსაკუთრებულით არაფრით გამოირჩეოდა. მეტიც, პატარა პროვინციას დამსგავსებულ ქალაქს მხოლოდ 2 ათასი მოსახლე ჰყავდა, რომლის ნახევარს შავკანიანები - მოსამსახურეები და ყოფილი მონები შეადგენდნენ. თუმცა, თავად ბარუხი ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც ცხოვრება ველურ ბუნებაში ცხოვრებას ჰგავდა, მით უფრო, რომ მის მშობლებს უზარმაზარი სახლი, საკუთარი ბაღი და პატარა ფერმა ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ ბერნარდის მამა, სიმონ ბარუხი საკმაოდ შეძლებული ემიგრანტი იყო, რომელიც 1850 წელს გადაბარგდა ამერიკაში და არა მხოლოდ წარმატებული ექიმის კარიერაც გაიკეთა, არამედ ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებლადაც იქცა.
* * *
ჩასუქებული და ემოციური ბერნარდი დედის განსაკუთრებული მზრუნველობით იზრდებოდა, ამიტომ ხშირად ჭირვეულობდა და ყველა წვრილმანზე იბუტებოდა, რითაც ძმებს და განსაკუთრებით მამას აღიზიანებდა, რომელსაც ნაკლებად ჰქონდა შვილის იმედი, მით უფრო, რომ ბარუხის ბავშვობა ამერიკის სამხრეთისთვის მეტად მძიმე პერიოდს დაემთხვა, რადგან იანკებისა და დიქსების დაპირისპირება არც სამოქალაქო ომის შემდეგ დასრულდა. პირიქით, ლოკალურ დონეზე გაგრძელდა, რის გამოც, მცირეწლოვანი ბერნარდი ხშირად ხდებოდა თეთრკანიანებისა და შავკანიანების კონფლიქტებისა და ქუჩური გარჩევების მოწმე.
მართალია, ოჯახი აქტიურად აპროტესტებდა ახალ წყობას, უფროსი ბარუხი კი, რომელიც სრულად იზიარებდა დიქსის პოზიციას, კუ-კლუქს-კლანის ულტრამემარცხენე რასისტულ ორგანიზაციაშიც გაწევრიანდა, რაც საკმაოდ თამამ ნაბიჯად ჩაითვალა ემიგრანტი ებრაელისთვის, მაგრამ თავად ბერნარდი სიამოვნებით მეგობრობდა ზანგ ბავშვებთან და სიგიჟემდე უყვარდა თავისი შავკანიანი ძიძა.
როგორც ჩანს, ამერიკელი პრეზიდენტების მომავალმა მრჩეველმა ადრეულ ბავშვობაშივე გაიგო როგორ მუშაობს დუალიზმის პრინციპი პოლიტიკაში და მიხვდა რამდენად დიდ გავლენას ახდენს ხელისუფლების გადაწყვეტილება რიგითი ადამიანის ცხოვრებაზე.
* * *
ერთ-ერთი მთავარი თავისებურება, რამაც მომავალი ფინანსისტის ხასიათი განსაზღვრა, ბერნარდის მშობლების პრინციპული მომჭირნეობა იყო. მართალია, შეძლებულ სიმონ ბარუხს წარმატებული კარიერა და მაღალი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ ბერნარდი მაინც მინიმალურ თანხას იღებდა ჯიბის ფულად, მის გარდერობს კი, უფროსი ძმებისა და მამის გამონაცვალი სამოსი წარმოადგენდა, რომელთაც დედას მასზე მორგებით კერავდა. მამის მსგავსად ბერნარდიც ფულის დაზოგვას ცდილობდა და მონდომებით სწავლობდა, რათა კარგი განათლება მიეღო და დიდი ფული ეშოვა.
მართალია, 1881 წელს ოჯახის ნიუ-იორკში გადაბარგების შემდეგ ბერნარდი სითი-კოლეჯში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა, თუმცა პოლიტიკურ ეკონომიკაში, რომელმაც ფილოსოფია, ლოგიკა, ეთიკა და ფსიქოლოგია გააერთიანა, ტოლი არავის დაუდო. მეტიც, ბარუხი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ხუთი, ერთმანეთისგან განუყოფელი დისციპლინის ცოდნა დაეხმარა წარმატების მიღწევაში.
სწავლის პარალელურად ბარუხი აქტიურად ჩაერთო სასწავლებლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჯერ კლასის პრეზიდენტი გახდა, მერე სადისკუსიო კლუბის საბჭოს წევრი, თუმცა ებრაული წარმომავლობის გამო უარი უთხრეს სტუდენტურ საძმოში მიღებაზე. მართალია, ბერნარდს ძალიან მოსწონდა ლიტერატურა და ყოველთვის უამრავი საინტერესო იდეა ჰქონდა, მაგრამ ბავშვობიდან საჯარო გამოსვლებით შეშინებული, ვერასდროს ბედავდა დისკუსიებში მონაწილეობას.
კოლეჯში გაიტაცა ბარუხი სპორტმაც, განსაკუთრებით კრივმა, რომელიც არა მხოლოდ წონის დაკლებასა და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში, არამედ თვითკონტროლისა და დისციპლინის გამომუშავებაშიც დაეხმარა.
* * *
კოლეჯის დასრულების შემდეგ, ებრაული ტრადიციის გათვალისწინებით, მომავალი სპეციალობის არჩევისას, ბერნარდმა დედას მიმართა რჩევით. მისის ბარუხის გადაწყვეტილებით, რომელიც დარწმუნებული იყო, ბერნარდი აუცილებლად კარგი ექიმი იქნებოდა, ბარუხი სამედიცინო ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა მოგვიანებით დედამ გადაიფიქრა და შვილი ცნობილ ფრენოლოგს ორსონ სქვაირ ფოულერს გააცნო, რომელიც იმ პერიოდში მეტად პოპულარული ფსევდომეცნიერებით - ფრენოლოგიით იყო გატაცებული და ამტკიცებდა, თითქოს ადამიანის ცხოვრებას და პროფესიულ საქმიანობას მისი გარეგნობა და ქცევის მანერა განსაზღვრავდა.
როგორც ჩანს, ფრენოლოგი ფოულერი და მისი ფსევდომეცნიერული სწავლება აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მან იწინასწარმეტყველა, რომ ბარუხი აუცილებლად სახელოვანი ფინანსისტი გახდებოდა და დიდი წარმატებას მიაღწევდა პოლიტიკაში.
* * *
19 წლის ბარუხის პირველ სამუშაოდ ხელოსნების ზედამხედველობა იქცა კომპანიაში, რომელიც ბითუმად ვაჭრობდა სააფთიაქო შუშის ნაწარმით. თუმცა, ბერნარდის ანაზღაურებამ მხოლოდ 3 დოლარი შეადგინა კვირაში, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ამბიციური ახალგაზრდისთვის, ამიტომ 1898 წელს ჯერ უოლ-სთრითის საბროკერო ფირმაში მოეწყო, მერე მამისგან ისესხა ფული და New York Stock Exchange-ზე იყიდა სამუშაო ადგილი. ახალმა საქმემ სრულად გაიტაცა ბარუხი და მართალია, ყოველკვირეულმა ანაზღაურებამ ისევ 3 დოლარი შეადგინა, მაგრამ ბერნარდი ენთუზიაზმით შეუდგა საბირჟო საქმისა და აქციებში ფინანსების სარფიანად ინვესტირების მეთოდების შესწავლას.
პირველი ინვესტიცია ბარუხმა სან-ფრანცისკოს საბადოების აქციებში განახორციელა, რადგან მე-19 საუკუნის ბოლოს, სწორედ კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებამ მოიცვა მთელი ამერიკა. მართალია, ბარუხი დარწმუნებული იყო, რომ სწრაფად გამდიდრდებოდა, მაგრამ წამოწყებამ არ გაამართლა, თუმცა ბერნარდმა არ მოისურვა მარცხის აღიარება და თავად გაემგზავრა სან-ფრანცისკოში, მაღაროში სამუშაოდ. მარცხი ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან ბარუხმა ვერც იქ შეძლო მიზნის მიღწევა და იმედგაცრუებული, რომ ოქროს მოპოვება არც ისე შემოსავლიანი იყო, როგორც ეგონა, ცარიელი ჯიბით დაბრუნდა ნიუ-იორკში.
* * *
საბროკერო ფირმაში აღდგენისა და ძველი ადგილის დაბრუნების შემდეგ, ბარუხი ისევ ბირჟაზე შეუდგა ვაჭრობას. მართალია, თავიდან არ გაუმართლა და სასოწარკვეთილმა ახალი საქმის მოძიებაზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ სწორედ მაშინ შეძლო შაქრის კონტრაქტების სარფიანად გაყიდვა. პირველ გამართლებას მალე მორიგი წარმატება მოჰყვა, რაც პირველ რიგში მისი უჩვეულო სტრატეგიის შედეგი აღმოჩნდა. სხვებისგან განსხვავებით ბარუხი ე.წ. ვარდნაზე თამაშობდა და მაშინ ჰყიდდა აქციებს, როცა სხვები ყიდულობდნენ. ამასთანავე, ბერნარდი მხოლოდ ბაზარზე არსებულ სიტუაციას აქცევდა ყურადღებას და არასდროს ინტერესდებოდა ინფორმაციით კომპანიებზე.
კოლეგების სკეფსისის მიუხედავად, ბარუხის მეთოდმა არა უბრალოდ გაამართლა, არამედ უზარმაზარი შემოსავალიც მოიტანა. მეტიც, 1903 წელს წარმატებულმა ბროკერმა საკუთარი ფირმა Baruch Brothers დააფუძნა და 33 წლის ასაკში პირველი მილიონი იშოვა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ერთგვარ მოდად იქცა ბირჟაზე მანიპულირების მიზნით სხვადასხვა ტრესტის შექმნა, თუმცა ბერნარდმა ამგვარ მეთოდზეც უარი თქვა, რადგან ყველა ოპერაციის დამოუკიდებლად განხორციელება ამჯობინა და სწორედ ამიტომ შეიძინა "უოლ-სტრიტის მარტოხელა მგლის" სახელი.
* * *
სოლიდური კაპიტალის დაგროვების შემდეგ ბარუხმა პოლიტიკაში გადაწყვიტა შესაძლებლობების მოსინჯვა და 1912 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს ვუდრო უილსონს შესთავაზა საარჩევნო კამპანიის 50 ათასი დოლარით დაფინანსება. რა თქმა უნდა, უილსონმა შეთავაზება მიიღო, მადლიერება კი, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ გამოხატა, როცა ბარუხს ჯერ ეროვნული თავდაცვის უწყება, პირველი მსოფლიო ომის დროს კი სამხედრო-სამრეწველო კომიტეტი ჩააბარა, რისი წყალობით ომის ბოლოს სწორედ ბარუხის ხელში აღმოჩნდა იმ საწარმოთა დიდი ნაწილის აქციები და მთელი 200 მილიონი, რომლებიც სამხედრო დაკვეთების შესრულებაზე მუშაობდნენ.
* * *
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბარუხი ჯერ ვერსალის კონფერენციის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობაში მუშაობდა, მერე პრეზიდენტ უილსონის პირადი მრჩეველი გახდა ეკონომიკის საკითხებში. მეტიც, სწორედ მისი წყალობით შეიქმნა შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც მართალია, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ანალოგად იქცა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ფედერალური სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებას, რადგან უმსხვილესი კერძო ბანკები გააერთიანა, რომელთა მფლობელები არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკასაც განსაზღვრავდნენ, ბარუხი კი, ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებდა ბანკირებსა და პოლიტიკოსებს შორის.
ამასთანავე, ბერნარდმა წარმატებით გააგრძელა პოლიტიკოსების დაფინანსება, რამაც ქვეყნის ეკონომიკის სრულად გაკონტროლების საშუალება მისცა. მეტიც, სწორედ პრეზიდენტების უორენ ჰარდინგის, ჰერბერტ გუვერის, ფრანკლინ რუზვეტისა და ჰარი ტრუმენის მრჩევლის და ახლო მეგობრის სტატუსის წყალობით შეინარჩუნა საკუთარი კაპიტალი სერიოზული ეკონომიკური კრიზისების, მათ შორის "დიდი დეპრესიის" პერიოდში.
* * *
მეორე მსოფლიო ომის წლებში ბარუხმა არა მხოლოდ ამერიკის ეკონომიკის რეკონვერსიის სქემის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა, არამედ ბირთვული იარაღის ტოტალური განადგურების გეგმაც მოამზადა გაეროში, ატომური ენერგიის კომისიის ამერიკის წარმომადგენლის პოსტზე. მართალია, ნაშრომი, რომელმაც "ბარუხის გეგმის" სახელი შეიძინა, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლას, მეორე მხრივ, ნებისმიერი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათსა და ბირთვული იარაღის სრულ განადგურებას ითვალისწინებდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის გამო, რომელმაც გეგმა დაბლოკა, მისი განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. სხვათა შორის, სწორედ "ბარუხის გეგმის" ჩავარდნის შემდეგ დაიწყო მსოფლიოში ე.წ. ბირთვული შეიარაღების რბოლა - მრავალწლიანი კონკურენცია შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის, რასაც ისევ ბარუხმა უწოდა პირველმა "ცივი ომი".
* * *
ბერნარდ ბარუხი, რომელიც 1965 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა 94 წლის ასაკში, სიცოცხლის ბოლომდე ერთგვარი რუხი კარდინალის სტატუსით სარგებლობდა თეთრ სახლში. მართალია, 1960-იანი წლების დასაწყისში ბარუხის კაპიტალმა ტრილიონ დოლარს მიაღწია, მაგრამ არავინ იცის, ვინ გახდა მისი ქონების მემკვიდრე. სავარაუდოდ, მილიარდერს სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - უმცროსი ბერნარდ ბარუხი 1990-იან წლებში გარდაიცვალა, თუმცა არაფერია ცნობილი მის შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე.
არსებობს კონსპირაციული თეორია, თითქოს სწორედ ბარუხი იქცა ახალი მსოფლიო წესრიგის იდეოლოგად, მისმა შთამომავლებმა კი, მემკვიდრეობით გადაიბარეს სამყაროს მართვის მოვალეობა. მეტიც, ამბობენ, რომ სინამდვილეში, არა ოფიციალური მთავრობები უძღვებიან საკუთარ ქვეყნებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და იდუმალებით მოცული ბანკირები, ფინანსისტები აკონტროლებენ სამყაროს, რომელთაც სწორედ ბარუხის მემკვიდრეები ხელმძღვანელობენ, თუმცა მეტწილად ანონიმურად ან შეცვლილი გვარებით მოქმედებენ, რადგან სწორედ ასე უანდერძა დიდმა წინაპარმა.