* ჯასტინ თიმბერლეიქი -
ამერიკელი შოუმენი ჯასტინ თიმბერლეიქი, რომელმაც ერთნაირად წარმატებული კარიერა გაიკეთა, როგორც მუსიკალურ, ისე კინოინდუსტრიაში, ივლისის თვეში ეწვევა თბილისს და "დინამო არენაზე" გამართავს კონცერტს.
თიმბერლეიქის წარმატება აბსოლუტურად კანონზომიერია, რადგან ბავშვობიდან ნატრობდა აღიარების მოპოვებას და არც ძალას იშურებდა, არც მონდომებას სასურველი მიზნის მისაღწევად. დღეს 44 წლის თიმბერლეიქი, რომელმაც პოპულარულ ჯგუფში ’NSYNC-ში მუზიცირების შემდეგ რამდენიმე ფილმისთვის შექმნა საუნდთრეკი და "ოსკარის", "ოქროს გლობუსის" ნომინაციები დაიმსახურა, 100-მილიონიანი კაპიტალის მფლობელია და ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ შოუმენად ითვლება.
* * *
ჯასთინ თიმბერლეიქი 1981 წლის 31 იანვარს დაიბადა ტენესის შტატის ქალაქ მემფისში. მართალია, 4 წლის ჯასტინმა მტკივნეულად განიცადა მშობლების დაშორება, მაგრამ საკმაოდ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა დედასთან ლინ ჰერლესთან, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა მის მუსიკალურ გატაცებას, არამედ კომპანიას JustinTime Entertainment-საც ხელმძღვანელობს და თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მათ შორის დაჯილდოების ცერემონიაზე უწევს შვილს კომპანიონობას.
"დედასთან ბავშვობიდან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, რადგან ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო", - აღნიშნა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში და დაამატა, რომ ძალიან არასწორია როცა მამაკაცები მეუღლეებსაც დედის ანალოგად ირჩევენ, რადგან ვერასდროს პოულობენ და საკუთარ თავთან ერთად საყვარელ ქალსაც თავიდანვე წამგებიან პოზიციაში აყენებენ.
* * *
ჯასტინმა საკმაოდ ადრე - 10 წლის ასაკში დაიწყო მუსიკალური კარიერა გადაცემით Grand Ole Opry-ით, რომელიც მემფისის რადიოთი გადაიცემოდა, ერთი წლის შემდეგ კი, ტელეშოუში Star Search-ში მიიღო მონაწილეობა ჯასტინ რენდელის ფსევდონიმით. მართალია, ახალგაზრდა ტალანტების შოუში თიმბერლეიქმა გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ წარმატებით გაიარა სინჯები The Mickey Mouse Club-ში - პოპულარულ შოუში, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, თაობების მორიგი ცვლილებისას კი, ახალგაზრდა წამყვანების მოძიებას ცდილობდა. სხვათა შორის, სწორედ "მიკი მაუსის კლუბში" გაიცნო თიმბერლეიქმა რაიან გოსლინგი, ბრიტნი სპირსი და კრისტინა აგილერა, ვისთან მეგობრობაც წლების მანძილზე შეინარჩუნა.
* * *
1996 წელს 14 წლის თიმბერლეიქმა საკუთარი ჯგუფი შექმნა, რომელშიც ერთნაირი მუსიკალური გემოვნების სამი მეგობარი გაერთიანდა. ’N SYNC-ის სახელი ბოიბენდმა მოგვიანებით შეიძინა, როცა ტრიოს ლანს ბასი და ჯეისი ჩეიზესი შეუერთდნენ.
სადებიუტო ალბომი, რომელმაც ჯგუფის სახელი შეიძინა, კოლექტივმა 1997 წელს გამოუშვა. ნაკრები 11-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და ახალბედა მუსიკოსებს პოპულარობა მოუტანა. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა 2000 წელს გამოსული მესამე სტუდიური ალბომი No Strings Attached, რომლის წყალობით თიმბერლეიქის ჯგუფმა მთავარი კონკურენტი - ბოიბენდი Backstreet Boys დაჯაბნა, რადგან გამოსვლის პირველ დღესვე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. წარმატების მიუხედავად, ’N SYNC-მა მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება, რადგან 2002 წელს, ბოლო ალბომის Celebrity-ის გამოსვლის შემდეგ თიმბერლეიქმა სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა და სამუდამოდ დაემშვიდობა ძველ მეგობრებს.
* * *
"მიკი მაუსის კლუბში" თიმბერლეიქმა გამოცდილებასთან ერთად პირველი სიყვარულიც შეიძინა, რადგან როგორც აღმოჩნდა, 12 წლისას თავდავიწყებით შეუყვარდა ბრიტნი სპირსი. რომანტიკული გრძნობები მუსიკოსებმა 1997 წელს გაიხსენეს, როცა რომანი გააბეს და ტაბლოიდების ყურადღება დაიმსახურეს, თუმცა ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა, რადგან ბავშვურმა სიყვარულმა შოუბიზნესის გამოცდას ვერ გაუძლო.
მართალია, დაშორება წყვილმა მძიმედ გადაიტანა, მაგრამ ბევრად მტკივნეული აღმოჩნდა თიმბერლეიქისთვის, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოლო კომპოზიცია Cry Me a River, სწორედ სპირსთან კონფლიქტის გავლენით შექმნა, როცა ხმამაღლა მოუნდა საკუთარ გრძნობებზე საუბარი, რათა სამუდამოდ გათავისუფლებულიყო მტკივნეული განცდებისგან.
* * *
თიმბერლეიქის კინოკარიერა 1999 წელს დაიწყო დისნეის ტელეფილმით "შეიცვალეს ადგილები" (Model Behavior). მართალია, პრიორიტეტულად თიმბერლეიქი ყოველთვის მუსიკას თვლიდა, კინო კი, ერთგვარ გატაცებად იქცა, მაგრამ მაინც სოლიდურ ნამუშევრებს მოუყარა თავი, მით უფრო, ყოველთვის განსხვავებული ჟანრის პროექტებს ირჩევდა და ისეთ ცნობილ რეჟისორებთან მუშაობდა, როგორებიც ძმები კოენები, დევიდ ფინჩერი, კლინტ ისტვუდი და ვუდი ალენი არიან. ამასთანავე, სწორედ მან გაახმოვანა არტურ პენდრაგონის პერსონაჟი პოპულარულ ანიმაციურ ფილმში "შრეკში".
* * *
წარმატებული მუსიკალური კარიერა თიმბერლეიქმა "გრემის" ცხრა პრემიით აღნიშნა. "ოსკარის" ნომინაცია მიიღო მულტფილმისთვის "ტროლისთვის" (Trolls) შექმნილი მუსიკისთვის, "ოქროს გლობუსის" ნომინაციით კი, მისი სიმღერა Please Mr. Kennedy აღნიშნა, რომელიც კოენების მუსიკალური ფილმისთვის "ლუინ დევისის შინაგანი სამყაროსთვის" (Inside Llewyn Davis) დაწერა. მეტად წარმატებული აღმოჩნდა შოუში Saturday Night Live-ში მონაწილეობა, რომლის წყალობით თიმბერლეიქმა "ემის" სამი პრემია მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.
* * *
ბრიტნი სპირსთან დაშორების შემდეგ თიმბერლეიქმა დიდხანს ვერ შეძლო სერიოზული ურთიერთობის გაბმა. მართალია, მუსიკოსს მოკლე რომანები ჰქონდა მსახიობებთან ალისა მილანოსა და კამერონ დიასთან, მაგრამ მის ნამდვილ სიყვარულად მხოლოდ ჯესიკა ბილი იქცა, რომელიც 2007 წელს გაიცნო, თუმცა 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ხმაურიანი კონფლიქტით დაშორდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეურიგდა. წყვილს, რომელმაც 2012 წელს ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა ორი შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.