* მარსის დინასტია -
ალბათ, Mars-ის შოკოლადის მირთმევისას, ბევრს ჰგონია, რომ სახელი ტკბილეულმა "წითელი პლანეტის" პატივსაცემად შეიძინა, მაშინ როცა სინამდვილეში, მარსი ცნობილი დინასტიის გვარია, რომელიც 100 წელზე მეტია აკონტროლებს "ტკბილ ბაზარს". ამასთანავე, მარსის დინასტიის წარმომადგენლები იმ მეწარმეთა რიცხვს მიეკუთვნებიან, ვინც თვითონ მართავს საკუთარ ბიზნესს და არასდროს ანდობს ოჯახურ საქმეს უცხოებს.
მართალია, 114-წლიანი ისტორიის მანძილზე ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე შეძლებულმა ბიზნეს-დინასტიამ მარცხიც ბევრჯერ განიცადა და გამარჯვებაც მრავალგზის იზეიმა, მაგრამ მისი საქმიანობა ან ნათესავური ურთიერთობები არასდროს გამხდარა საჯარო განხილვის თემა, რადგან ოჯახი, რომელიც მოკრძალებული ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას, მაქსიმალურად ერიდება პუბლიკაზე გამოჩენას.
* * *
დინასტიის ფუძემდებელი ფრანკლინ კლარენს მარსი 1883 წელს დაიბადა მინესოტას შტატის პატარა ქალაქ ჰენკოკში, მრავალშვილიან ღატაკ ოჯახში და კიდევ უფრო დაამძიმა მშობლების მდგომარეობა, რადგან პოლიომიელიტით დაავადებულს დამოუკიდებლად სიარულიც გაუჭირდა. ფრანკლინი ადრეულ ასაკში მიხვდა, რომ მძიმე ტვირთად დააწვა ოჯახს, ამიტომ დედის დახმარება გადაწყვიტა, რომელიც ტკბილეულს ამზადებდა გასაყიდად. თუმცა, სწორედ უიღბლობა იქცა მარსის მთავარ გამარჯვებად, რადგან ავადმყოფობისა და დედასთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსის წყალობით გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონდიტერი.
1901 წელს 18 ფრანკლინმა პატარა მაღაზია გახსნა და დამოუკიდებლად შეუდგა შოკოლადის წარმოებას, რომელსაც წონით ჰყიდდა. მარსმა სწრაფად აუღო ალღო ბიზნეს და მიხვდა, რომ უამრავი სიახლის შეთავაზება შეეძლო მყიდველებისთვის. მანამდე შოკოლადი შეფუთვის გარეშე იყიდებოდა და საკმაოდ მოუხერხებელი იყო, რადგან შერბილებული ხელებს სვრიდა და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა კლიენტებს, ფრანკლინმა კი, პირველმა მოიფიქრა მისი ულუფებად დაყოფა და ე.წ. ფოლგის ქაღალდში გახვევა. მოგვიანებით მარსმა კიდევ ერთი ინოვაცია დაამკვიდრა და სხვადასხვა ინგრედიენტის დამატებით ასორტიმენტი გაამრავალფეროვნა, რაც ორმაგად მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან განსხვავებული გემოს მცირე ულუფებად შეფუთული შოკოლადი კლიენტებმაც მოიწონეს და ბევრად შემოსავლიანიც აღმოჩნდა.
* * *
1902 წელს ფრანკლინმა მეზობელ გოგონას ეთელ კისაკს სთხოვა ცოლობა, თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ეთელმა სხვა შეიყვარა და მასთან ერთად დატოვა მინესოტას შტატი. არ დაიბნა არც ფრანკლინი, რომელმაც 1911 წელს მეორედ იქორწინა და სწორედ მეუღლის ხელშეწყობით გახსნა ტკბილეულის მცირე საწარმო, რომელმაც Mar-o-Bar-ის სახელი შეიძინა და შოკოლადის ბატონის წარმოებას შეუდგა. საფირმო გემოს შერჩევაში მარსს შვილი - ფორესტი დაეხმარა პირველი ქორწინებიდან, რომლის საყვარელი ტკბილეული რძის კოქტეილი Milky Way იყო.
სწორედ მაშინ დაიწყო მარსმა ექსპერიმენტები სხვადასხვა ინგრედიენტის გამოყენებით და საფირმო რეცეპტი შეიმუშავა, რომელმაც ნუგა, შაქარი, თაფლი და თხილის პასტა გააერთიანა. 1923 წელს ფრანკლინმა ჯერ Mars-ის ბრენდი დაარეგისტრირა, მერე Milky Way, რომელმაც ერთ წელიწადში გაამდიდრა 800 ათასი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ Milky Way-ის ბატონი საკმაოდ იაფი - მხოლოდ 5 ცენტი ღირდა, რამაც დიდი დეპრესიის პერიოდში, ნაკლებად შეძლებულ მშობლებსაც მისცა შვილების განებივრების საშუალება. ათწლეულის ბოლოს მარსმა წარმოების გაფართოება გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქიდან ჩიკაგოს გარეუბანში გადაბარგდა და 125 თანამშრომელი დაიქირავა, რომელთა წყალობით ბევრად მასიურად შეუდგა შოკოლადის გამოშვებას. სხვათა შორის, პირველი საწარმო ჰენკოკში, სადაც საკონდიტრო დინასტიის კიდევ ერთი ცნობილი შოკოლადის ბატონი Snickers შეიქმნა, დღემდე წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
* * *
1928 წელს, იელის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კომპანიას ფორესტ მარსი შეუერთდა. ამბიციურმა ახალგაზრდამ, რომელიც ჯონ როკფელერს მიიჩნევდა საკუთარ კერპად, კომპანიის გაფართოება მოინდომა, რადგან სჯეროდა, რომ ოჯახური ტკბილეულის წყალობით როკფელერზე სწრაფად შეძლებდა გამდიდრებას. შვილის ენთუზიაზმი ნაკლებად გაიზიარა უფროსმა მარსმა, რომელიც მხოლოდ უზრუნველი ცხოვრებით ნატრობდა ცხოვრებას, არასდროს გეგმავდა მსოფლიოს დაპყრობას და იმ შემოსავლითაც კმაყოფილდებოდა, რომლითაც ოჯახური ბიზნესი უზრუნველყოფდა.
მართალია, ფორესტი, რომელსაც Mars-ის მსოფლიო ბაზარზე გატანა სურდა, ხშირად კამათობდა მამასთან, მაგრამ ფრანკლინმა მაინც არ დათმო, რამაც უმცროს მარსს ბრიტანეთში გადაბარგება და საკუთარი საქმის ნისლიან ალბიონზე დაწყება აიძულა. სწორედ ბრიტანეთში შეიძინა ამერიკულმა Milky Way-მ Mars-ის სახელი და კომპანიის საფირმო კარამელით მოერგო ევროპულ ბაზარს.
* * *
პირველი საწარმო, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, ფორესტმა მამისგან მიღებული 50 ათასი დოლარით გახნა ბერკშირის საგრაფოს პატარა ქალაქ სლაუში. თუმცა, მამის მიღწევებით დაკმაყოფილება არ ისურვა და ჯერ Mars-ისთვის მოიფიქრა ორიგინალური რეკლამა, რომელიც მომხმარებელს "საოცარი ენერგიით დამუხტვას" სთავაზობდა, მერე სრულიად ახალი პროდუქტის - შოკოლადის დრაჟეს რეცეპტი შეიმუშავა, რომელმაც მოგვიანებით M & M’s-ის სახელი შეიძინა.
გადმოცემის თანახმად, მსგავსი შოკოლადის დრაჟეთი ესპანეთის არმია მარაგდებოდა სამოქალაქო ომის დროს, მარსმა კი, შემთხვევით დააგემოვნა და ისე მოიხიბლა, რომ შოკოლადის არომატის დახვეწა და საკუთარი ბრენდით გამოშვება გადაწყვიტა. გარდა ამისა, 1930 წელს სწორედ ფორესტმა ჩაუშვა წარმოებაში რამდენიმე წლით ფრანკლინის რეცეპტურით შექმნილი Snickers.
* * *
მართალია, 1934 წელს ფრანკლინ მარსის გარდაცვალების შემდეგ ოჯახური ბიზნესი ფორესტის ხელში უნდა გადასულიყო, რომელიც გარდაცვალებამდე შეურიგდა მამას და ერთი-ორად მოუხშირა ამერიკაში მოგზაურობას, მაგრამ წარმოებაზე კონტროლი ფრანკლინის მეორე ცოლის ნათესავებმა მოიპოვეს, რამაც ფორესტს სასამართლოში სარჩელის შეტანა აიძულა, თუმცა სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია.
მარცხის მიუხედავად, 1940 წელს ფორესტი მაინც დაბრუნდა მშობლიურ ამერიკაში და პირველ რიგში M & M’s-ის წარმოება აამუშავა. თავიდან შოკოლადის კანფეტი მცირე პარტიებით გამოდიოდა და მხოლოდ ამერიკული არმიისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მოგვიანებით, როცა მარსი კიდევ ერთი საკონდიტრო კორპორაციის Hershey-ის ამბიციურ მემკვიდრეს ბრიუს მიურეის დაუმეგობრდა, M & M’s-ის შოკოლადის დრაჟე გაფერადდა და მასიურ წარმოებაში ჩაეშვა, სახელი კი, სწორედ საკუთარი შემქმნელების ინიციალების წყალობით მიიღო.
1954 წელს M & M’s-ის შეფუთვაზე უჩვეულო პერსონაჟები - გაცოცხლებული დრაჟეები გამოჩნდნენ, რომელთაც 1995 წელს, ჯერ სხვადასხვა ფერი, მერე საკუთარი ფანტასტიკური სამყარო შეიძინეს დიზაინერის სიუზან კრიდლის წყალობით. სხვათა შორის, სპეციალური ენციკლოპედიაც არსებობს, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი M & M’s-ის დრაჟეების მოგზაურობა, ფერების მნიშვნელობა და ისტორია, რადგან შოკოლადის პერსონაჟები ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფერად არიან შეფერილი. ამასთანავე, დღეს M & M’s არა მხოლოდ შოკოლადის, არამედ არაქისის, ნუშის და მენთოლის შიგთავსითაც გამოდის.
* * *
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფორესტ მარსმა გორდონ ჰაუელთან - ბრინჯის სწრაფად მომზადების ტექნოლოგიის გამომგონებელთან ერთად წამოიწყო ახალი ბიზნესი და ბრენდი Uncle Ben’s შექმნა, რომელიც მეტწილად ამერიკულ არმიაზე იყო მორგებული, რადგან სწორედ მათ უზრუნველყოფდა ბრინჯით, რომელიც სწრაფად და მარტივად, მხოლოდ მდუღარე წყლის დასხმით მზადდებოდა.
მართალია, ომის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ბიზნესმენთან კონტრაქტი გააუქმა, მაგრამ მარსი არ დაიბნა და საკუთარი პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე გაიტანა. Uncle Ben’s-ის პროდუქციამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რამაც მარსს მისი ასორტიმენტის გაზრდის საშუალება მისცა. დღეს ბრენდი, რომელმაც ბრინჯის წარმოებით გაითქვა სახელი, მეტწილად მრავალფეროვანი სოუსების წარმოებაზე სპეციალიზირდება.
* * *
1960-იანი წლების დასაწყისში ფორესტმა ერთი ბრენდის ქვეშ მოუყარა თავი საკუთარ, მამის საწარმოებს და ახალი პროდუქციის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. მარსების ოჯახი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა შინაური ცხოველების მიმართ, ამიტომ ფორესტმა მათთვისაც სცადა ცხოვრების გაუმჯობესება საკუთარი პროდუქციის შეთავაზებით.
მარსმა ცნობილი ფირმა Chappel Brothers შეიძინა, რომელმაც ძაღლების საკვების Chappie-ის წარმოებით მოიპოვა აღიარება, თუმცა არ დაკმაყოფილდა უკვე არსებული პროდუქციით. ცხოველებზე მზრუნველმა ბიზნესმენმა ორი ახალი პროდუქტი Pedigree და Whiskas გამოუშვა, რომელთაც 1960-იანი წლების ბოლოს მთელი მსოფლიო დაიპყრეს აფრიკის კონტინენტის ჩათვლით. ამბობენ, თითქოს ფორესტი თავად უსინჯავდა გემოს ძაღლების და კატების საკვებს, რადგან თვლიდა, რომ მის დაწუნებულ საკვებს არც ცხოველები მოიწონებდნენ.
* * *
ფორესტ მარსმა, რომელიც მაქსიმალურად გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას, თავისი უკომპრომისობით, პედანტიზმითა და სკრუპულოზურობით გაითქვა სახელი. მართალია ბიზნესმენი ხშირად უხეშად ეპყრობოდა საწარმოების იმ თანამშრომლებს, ვინც სამსახურში უსაქმურობდა, მაგრამ სოლიდური პრემიებით აჯილდოებდა მათ, ვინც დაუღალავად შრომობდა.
მარსი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ბრენდის განვითარებას და საკუთარი პროდუქციის დახვეწას. სწორედ ამ მიზნით შექმნა ერთგვარი კვლევითი ცენტრი Waltham Center for Pet Nutrition ბრიტანეთში, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ცხოველების საკვებსაც გულდასმით სწავლობდა მათი გაუმჯობესების სურვილით. მარსის ერთ-ერთ ბოლო ინოვაციად შოკოლადის ბატონი Twix იქცა, რომელიც 1968 წელს სპეციალურად შეყვარებული წყვილებისთვის შექმნა.
* * *
მართალია, მარსის მემკვიდრეები - ფორესტ-უმცროსი, ჯონი და ჟაკლინი ყველაფრით უზრუნველყოფილ ოჯახში დაიბადნენ, მაგრამ მამამ სამივე შვილი ადრეული ასაკიდანვე შრომას და დასახული მიზნების დამოუკიდებლად მიღწევას შეაჩვია. რა თქმა უნდა, მარსებმა პრესტიჟული სასწავლებლები დაამთავრეს, მაგრამ მუშაობა მაინც ოჯახურ კომპანიაში გადაწყვიტეს, მით უფრო, რომ 1990 წელს ფორესტმა, რომლის კაპიტალმა 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, სამად გაყო საკუთარი ბიზნესი და ცალკეული სფეროები ჩააბარა შვილებს.
ფორესტის შთამომავლებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ოჯახური კაპიტალი, თუმცა საზოგადოებრივ ცხოვრებას ისევ ჩრდილში დარჩენა არჩიეს, მხოლოდ ჟაკლინი ჩნდებოდა იშვიათად პუბლიკაზე, რომელიც ოჯახის საქველმოქმედო ფონდს უძღვებოდა. მართალია, 2004 წელს მარსებმა ბიზნესის მართვა გამოცდილ მარკეტოლოგს პოლ მაიკლს გადააბარეს, რომელიც 1998 წლიდან მუშაობდა კომპანიაში, მაგრამ ამგვარმა სვლამ არ გაამართლა. მეტიც, სწორედ მაიკლის გერენალური დირექტორობის დროს გაეხვა Mars სკანდალში, როცა ჯერ ვეგეტარიანელთა საზოგადოებამ, მერე ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ PETA-მ უჩივლა სასამართლოში.
ვეგეტარიანელთა წუხილის მიზეზი ცხოველური დანამატი აღმოჩნდა პროდუქტში, PETA-ს წარმომადგენლებმა კი, კომპანიის მესვეურები ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებაში დაადანაშაულეს. მარსებს უზარმაზარი კომპენსაციის გადახდა მოუხდათ მომჩივნებისთვის, მაიკლმა კი, არა მხოლოდ გენერალური დირექტორის პოსტი, არამედ კომპანიაც სამუდამოდ დატოვა, რომელიც ფორესტ-უმცროსის ქალიშვილმა ვიქტორია მარსმა გადაიბარა. ახალგაზრდა ქალმა ღირსეულად გააგრძელა წინაპრების საქმე. მეტიც, სწორედ მან შეიძინა 2008 წელს საღეჭი რეზინის მწარმოებელი კომპანია Wrigley 23 მილიარდ დოლარად, რაც ერთ-ერთ უმსხვილეს გარიგებად იქცა 21-ე საუკუნის საკვების პროდუქტის ბაზარზე.