პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან დაგეგმილია დაკავებული პოლიტიკოსების - გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც მათ უარი აქვთ განცხადებული. დღის წესრიგის თანახმად, „სხდომაზე განხილული იქნება 2012 წლიდან დღემდე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი“. ამის საპასუხოდ, ოპოზიციონერები პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. ოპოზიციაში კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით დაკავებული პირების მეორედ დაბარებას რეპრესიების ტალღად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მათთვის ბრალის დამძიმების მიზნით ხდება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ კომისიას პოლიტიკოსებთან დამატებითი შეკითხვები გაუჩნდა.