სერბეთში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - Palitra News

სერბეთში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

2025-07-03 12:45:17+04:00

სერბეთში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს და აქციების მიმდინარეობის პროცესში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მიმართულებით სკამები და სხვადასხვა საგნები ისროლეს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 28 ივნისის შემდეგ აქციაზე 77 ადამიანია დაკავებული. სერბეთში გასული წლის ნოემბერში რკინიგზის ახლადგანახლებული სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმაც. 16 დეკმებრის შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოქალაქეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.