დანიის საგარეო უწყება კოპენჰაგენის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე - EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის პოზიციებს, ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო - Palitra News

დანიის საგარეო უწყება კოპენჰაგენის სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე - EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის პოზიციებს, ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო

2025-10-02 11:49:18+04:00

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

დანიის საგარეო უწყების განცხადებით, ისინი ინარჩუნებენ EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.

დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.