დღეს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა.
სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიო მრევლს ქადაგებით მიმართავს.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის მფარველია.
"დღეს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს გამორჩეული და პატივდებული, ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს. ეს ხატი დავანებული გახლავთ ათონის მთაზე, ივერონის უძველეს ქართულ მონასტერში, მეათე საუკუნიდან დღემდე და იწოდება ივერიისა, ანუ ქართველთა. სწორედ ამ სახელით იცნობს მას მსოფლიო მართლმადიდებლობა. მისი ასლები შექმნილი და გავრცელებული არის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის გახლავთ ეს ტაძარი, სადაც დღეს წირვას საზეიმო, სააღდგომო ვითარებაში აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან, სამღვდელო დასთან და მრევლთან ერთად. ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქართველი ხალხის განსაკუთრებული მფარველი გახლდათ. შევთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიფაროს და არ მოაკლოს წინსვლა, გახარება ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას", - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.