ლევან მახაშვილი - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ქართველი ოპოზიციონერების ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა! უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა! - Palitra News

ლევან მახაშვილი - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ქართველი ოპოზიციონერების ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა! უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა!

2026-04-14 13:04:16+04:00

ჩვენი ადგილობრივი წყალწაღებული ოპოზიცია ისეთი გაკოტრებული აღმოჩნდა, რომ სიხარულის მიზეზსა და შვებას ორბანის წაგებაში ეძებდა, თითქოს ბუდაპეშტში მიღებული შედეგები მათ აქ პოლიტიკურ არსებობას და სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა - უნგრეთის მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ამ ადამიანების ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა! უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა გააკეთა.

მახაშვილმა პარლამენტში გამოსვლა პეტერ მადიარისა და მისი პარტიის - „ტისასთვის“ არჩევნებში გამარჯვების მილოცვით დაიწყო.

“კოლეგებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა, რომ სადამკვირვებლო პროცესში მიმეღო მონაწილეობა როგორც ბუდაპეშტში, ასევე რეგიონებში. უნგრეთში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, იყო კონკურენტული პროცესი - უნგრეთს არჩეული ხელისუფლება ჰყავს.

არჩევნების შედეგები მიიღო ყველამ - გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც. ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ასე ხდება, როცა დამარცხებული შედეგებს აღიარებს, წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას და საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო ქვეყანას არ აჯანჯღარებს.

ჩვენი ადგილობრივი წყალწაღებული ოპოზიცია ისეთი გაკოტრებული აღმოჩნდა, რომ სიხარულის მიზეზს და შვებას ორბანის წაგებაში ეძებდა, თითქოს ბუდაპეშტში მიღებული შედეგები აქ მათ პოლიტიკურ არსებობას და სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა.

მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ამ ადამიანების ეს ილუზიებიც დაამსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობას და მეგობრობას გააგრძელებს, რომ მისი ინტერესი სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში ჩარევა არ არის და მზად არის თბილისში ვიზიტისთვის. უკვე მერამდენედ ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა. უკვე მერამდენედ დაიკავეს პოზიციები, რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში არ ჯდება, უკვე მერამდენედ გააბეს ქსელი და თავადვე გაებლანდნენ ამ ქსელში.

სანამ ჩვენი ოპოზიციონერები სხვის არჩევნებს ზეიმობენ, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ჩვენ უნგრეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული და იმედია ეს ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდება.

განცხადებები, რაც ჩვენ პირველ პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ, ნამდვილად გვაძლევს იმის იმედს, რომ შევძლებთ საერთო ინტერესების საფუძველზე სტრატეგიული ურთიერთობების და ამ მეგობრობის გაგრძელებას შევძლებთ, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა, იმის მიუხედავად, რომ სოცმედიაში რა კამპანია არის აგორებული ამ ურთიერთობების დაზიანებისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისამ“ გაიმარჯვა. ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.