საქართველოში 372 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ფაქტობრივად, ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. „კრედიტინფო საქართველოს“ ბოლო, 2026 წლის მარტის მონაცემებით, კრედიტზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10.1%-ს უფიქსირდება. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 მოქალაქეს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 372 477 პირს. ეს კი მაშინ, როდესაც “საქსტატის” ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7000-ზე მეტი ადამიანით გაიზარდა, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1182 პირით შემცირდა. ამავე მონაცემებით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 101 ათასზე მეტი - კომერციული ბანკის კლიენტია, 300 ათასზე მეტი პირი კი ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტის მომხმარებელია. კიდევ 4 548 ადამიანს სხვა ტიპის ორგანიზაციისგან, მათ შორის სამშენებლო კომპანიისგან, სადისტრიბუციო ან სალიზინგო კომპანიისგან აქვს სესხი აღებული. რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების ჯამურ ოდენობას, კრედიტინფოს მონაცემებით, ნაშთი 3 მლრდ ლარს აღწევს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი თითქმის 2 მილიონ ადამიანს აქვს, ჯამში, კრედიტების მოცულობა კი 77 მილიარდ ლარს აჭარბებს.