თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი - ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ირიცხება. 2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჯამში 420 მლნ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი - თითქმის 79 მლნ დოლარი თურქეთში გადაირიცხა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი -66 მილიონი დოლარით და რუსეთის ფედერეაცია, სადაც ერთი წლის განმავლობაში 48 მილიონი დოლარის გადარიცხვა მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სებ-ის სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოდან ფულადი გადარიცხვები წინა წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა. 2024 წელს ქვეყნიდან 378 მლნ დოლარის გზავნილი განხორციელდა. რაც შეეხება 2026 წლის სტატისტიკას, ბოლო მონაცემი თებერვლისაა, როცა ქვეყნიდან დაახლოებით 33 მილიონი დოლარის გზავნილი გავიდა. წინა წელთან შედარებით ეს მონაცემიც მეტია, 4 მლნ დოლარით. რაც შეეხება საქართველოში ფულად გადმორიცხვებს, ზრდა აქაც სახეზეა. 2025 წელს, საქართველოში ჯამში 3 მილიარდ 649 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს კი 3 მილიარდ 361 მილიონი დოლარი. მხოლოდ წელს თებერვალში ჩვენს ქვეყანაში 295 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, გასული წლის თებერვალში კი ეს მონაცემი 252 მლნ დოლარზე მეტი იყო.