ესპანეთი დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტის ლეგალიზაციის პროცესს იწყებს - Palitra News

ესპანეთი დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტის ლეგალიზაციის პროცესს იწყებს

2026-04-14 14:09:38+04:00

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, დღეს ქვეყნის მთავრობა სამეფო განკარგულებას დაამტკიცებს, რომელიც დაახლოებით 500 000 არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.

სანჩესის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ნორმალიზაციისკენ და რეალობის აღიარებისკენ“ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია.

„ჩვენ უფლებებს ვაღიარებთ, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობას ვითხოვთ, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ, ეს თანაბარ პირობებში გააკეთონ“, - წერს სანჩესი X-ზე.

ესპანეთის მიგრაციის მინისტრის, ელმა საისის ცნობით, მიგრანტები განაცხადის შეტანას 30 ივნისამდე შეძლებენ. გადაწყვეტილება იმ მიგრანტებზე გავრცელდება, რომლებიც ქვეყანაში სულ მცირე ბოლო 5 თვის განმავლობაში ცხოვრობენ და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის განაცხადი 2025 წლის 31 დეკემბრამდე შეავსეს. ლეგალიზაციის პროცესის დაწყების მიზნით განაცხადის შევსებისას მიგრანტებმა ნასამართლეობის არქონის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ. ასევე, ლეგალიზაციის სტატუსი გავრცელდება მიგრანტების იმ შვილებზე, რომლებიც უკვე ესპანეთში ცხოვრობენ.