ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტის დარბაზში “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები იხილებოდა, კონკრეტულმა საელჩომ იმავე დღეს გასცა გრანტი, რომლის დასაბუთებაც იყო, რომ თურმე კონკრეტულ ორ ორგანიზაციას ტურისტული რუკები უნდა მოემზადებინა - თუ თქვენ გჯერათ, რომ საელჩომ გრანტი იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელმძღვანელობაში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, რუკების მოსამზადებლად გადასცა და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული ტურისტული რუკების გარეშე საქართველოში ტურიზმი ვერ აყვავდება, ეს თქვენი რწმენის ნაწილია, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ “გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი მორიგი ცვლილებების წარდგენისას, ოპოზიციონერი დეპუტატის, სოფიო ხორგუანის კითხვის პასუხად გააკეთა.
გორდულაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მხოლოდ იმის დაზუსტება, რომ თუ უცხო ქვეყნის საელჩო საკუთარი მიზნებისათვის საკუთარი სახელმწიფოსგან თანხებს მიიღებს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და შესაბამისად, არც საქართველოს მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.
“გრანტების შესახებ“ კანონი საელჩოებს იმ ნაწილში შეეხება, თუ გადაწყვეტენ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა დააფინანსონ. ზუსტად ერთი წლის წინ იყო შემთხვევა, რომ მაშინ როდესაც ამ დარბაზში “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილებოდა, ერთმა კონკრეტულმა საელჩომ იმავე დღეს, იმავე საათზე გასცა გრანტი, რომლის დასაბუთებაც იყო, რომ თურმე კონკრეტულ ორ ორგანიზაციას, რომლის მმართველობაში “ნაციონალური მოძრაობის“ გამსვლელ სიაში მყოფი პირები არიან, ტურისტული რუკები უნდა მოემზადებინათ. ზუსტად ეს არის პოლიტიკის დაფინანსება და დიახ, საელჩოებმა ასეთი დაფინანსებები მთავრობასთან უნდა შეათანხმონ! თუ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და სუვერენიტეტის დარღვევის რისკები არ იქნება, მთავრობა გრანტის გაცემაზე უარს არ იტყვის. ახლო წარსულში, რაც ეს კანონი ამოქმედდა, მთავრობამ არაერთი თანხმობა გასცა“, - განახადა არჩილ გორდულაძემ.
“გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.