მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს - დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს - დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის

2026-04-15 13:50:26+04:00

საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს - დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, „იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენება და მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემია, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით“.

„სწორედ ამ პროგრესის მიჩქმალვის სურვილით აიხსნება ის ფაქტი, რომ 2025 წელს გაფართოების ანგარიშის მომზადებისას ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოს შეფასებაზე ყველა მიმართულებით, სადაც შესაძლებელი იყო საქართველოს პროგრესი და მოწინავე პოზიციები ასახულიყო, რაც ქვეყანას სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით აქვს. ამით დამტკიცდებოდა, რომ საქართველო მეტად არის მზად თუნდაც მოლაპარაკებების დასაწყებად, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. ევროკომისიამ თავისსავე მეთოდოლოგიაზე თქვა უარი და სულ სხვაგვარად მოამზადა ანგარიში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. ის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.