მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ გვმართებს გამორჩეული სიფრთხილე საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს - ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება, მის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ გვმართებს გამორჩეული სიფრთხილე საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს - ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდება, მის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება

2026-04-15 14:07:39+04:00

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გვმართებს გამორჩეული სიფრთხილე ნებისმიერი პროცესის შეფასების და მით უმეტეს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს - ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება, - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა

“ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, რომ უბრალო სტატისტიკის გაუმჯობესების სურვილით, დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, - განაცხადა ამ კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა დღეს ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიმართ ევროკავშირის “უსამართლო მიდგომებსა” და “უსამართლო დამოკიდებულებაზე”.

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი 2022 წლის ივნისში, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა, უსამართლო იყო. ამ უსამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გახლდათ ის, რომ ეს გამოყენებულ იქნა საქართველოში საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის მიზნებისთვის. 2022 წელს არ არსებობდა არანაირი გეოპოლიტიკური თუ პრაქტიკული საფუძველი, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილების უსამართლობა მაშინვე რომ ცხადად არ გამოჩენილიყო, ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში არ გამოაქვეყნა თავისივე პროცედურებით გათვალისწინებული ანალიტიკური ანგარიში, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაფუძნებოდა. ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის დაგვიანებით - 2023 წლის 2 თებერვალს, სადაც ამ გადაწყვეტილების უსამართლობა უკვე დოკუმენტურად დადასტურდა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე შეფასებით, “ევროპარლამენტის რეზოლუციები უსამართლო დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია“.

“2022 წლიდან მოყოლებული, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო 10 ტენდენციური და სრულიად უსამართლო რეზოლუცია, რომლებიც საღ აზრს და ობიექტურობის მინიმალურ ნიშნულს სცდება.

პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ განცხადებაც უსამართლობაა. მაშინ როდესაც ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებს ყველასთან - ყველანაირი პოლიტიკური წყობის, მისწრაფებებისა, თუ განწყობების სახელმწიფოებთან, საქართველოსთან გაბუტვის პოლიტიკა უსამართლობაა და საღ აზრს მოკლებულია,

მით უმეტეს მაშინ, როდესაც აცხადებ, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე შეგტკივა გული. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ამგვარი დამოკიდებულება წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების შეთანხმებასთან, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური დიალოგის წარმოების ვალდებულებას.

ამ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტებისა თუ ქვეკომიტეტების არც ერთი შეხვედრა აღარ ჩატარებულა. ბოლოს ასოცირების საბჭოს შეხვედრა 2024 წლის 20 თებერვალს გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს არასდროს განუცხადებია ევროკავშირთან დიალოგზე უარი.

უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც დავინახეთ შესაძლებლობა ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი გამოგვეყენებინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის განახლებისთვის, რაც ის საკითხია, რაზეც ევროკავშირი ხშირად აპელირებს, იყო გულწრფელი შეთავაზება, რომ საქართველოსთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი ჩატარებულიყო. “ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად იყო ამ დიალოგის წარმოებისთვის, თუმცა საკითხი ევროკავშირის მხრიდან გამოყენებული იყოს მანიპულაციისთვის.

მიუხედავად ამგვარი უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან და ე.წ. იზოლაციის იმიტაციისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. ის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.