მაკა ბოჭორიშვილი - დამსანქცირებელი ქვეყნისთვის გვიკითხავს, იქნებ სახელები და გვარები გვითხრათ, ვის ასანქცირებთ, რათა მან იცოდეს, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი - სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - დამსანქცირებელი ქვეყნისთვის გვიკითხავს, იქნებ სახელები და გვარები გვითხრათ, ვის ასანქცირებთ, რათა მან იცოდეს, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი - სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ

2026-04-15 14:23:58+04:00

სანქციები უსამართლო დამოკიდებულების კარგი მაგალითია, თუ როგორ ხდება ქვეყნის შანტაჟი და ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე, გარკვეული შიშის თუ სხვადასხვა გრძნობების გაჩენის მეთოდებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცალკეული ქვეყნები არც კი ასახელებენ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, თუ ვის ასანქცირებენ.

„ხშირ შემთხვევაში იყო ასეთი შემთხვევები, დამსანქცირებელ ქვეყანას, რომელიც გააცხადებდა „ტვიტერზე“, რომ ასანქცირებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლეგიტიმურად გვიკითხავს, იქნებ სახელები და გვარები გვითხრათ იმ ადამიანების, ვის ასანქცირებთ, რათა მან იცოდეს, რომ თქვენს დიდებულ ქვეყანას აღარ ეწვიოს და აღარ შემოგინგრიოთ კარი. სახელებს და გვარებსაც არ ასახელებენ ხოლმე და ეს განცხადებად რჩება. რა გითხრათ, ცხადად ჩანს, სად იწერებოდა ეს სანქციები ისიც ვიცით. შეგიძლიათ შეადაროთ, შეცდომებიც კი ერთნაირია, სახელებიც და გვარებიც. კიევში დაწერილი სანქციები როგორ გადაკოპირდა სხვა ქვეყნების მიერ, ასეთიც იყო. შეგიძლიათ ნახოთ, დაშვებული შეცდომებიც კი ვერ გაასწორეს, გვარები რომ გაესწორებინათ და ასე შემდეგ. ერთი მხრივ, არასერიოზულია, თუმცა მეორე მხრივ, სერიოზული არის. ჩვენ ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ საკითხს. გარდა იმისა, რომ განცხადებებს ვაკეთებ, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება. ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებ, თუმცა გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყანასთან. სხვადასხვა უწყებებთან, რომ ის უსამართლო ნაბიჯები,რომელიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ გადაიდგა, გამოსწორდეს. იმედი მაქვს, ჩვენ გარკვეული პროგრესი გვექნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.