მაინტერესებს, თვლით თუ არა თავს წარმატებულ მინისტრად? და თუ თვლით, ამ წარმატებაში მხოლოდ თქვენ მიგიძღვით წვლილი თუ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც, - ამ შეკითხვით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.
მისი განმარტებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გააჩერა ევროინტეგრაცია, გააფუჭა ურთიერთობები ამერიკასთან და ვიზების საკითხი საფრთხის ქვეშ დააყენა.
„როდესაც რაღაც ორგანიზაციაში გსურს გაწევრიანება და ამ ორგანიზაციის ფუნდამენტურ შეთანხმებას, ფუნდამენტურ ღირებულებებს თავად არღვევ და შემდეგ უბრალოდ ამბობ, რომ თავად გააჩერეს ეს შეთანხმება, ეს არის ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის შეურაცხყოფა, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია ევროინტეგრაცია. ზოგადად, ასე რეგულირდება ურთიერთობები ადამიანებს შორისაც და ორგანიზაციებს შორისაც, როდესაც შეთანხმება იდება, ერთი მხარე ამ შეთანხმებას შეგნებულად არღვევს, მეორე მხარეს აღარ სჯერა ამ შეთანხმების და ის არ არის ვალდებული, ამ შეთანხმების მისაღწევად, ლანძღვის საპასუხოდ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს.
თქვენ გინდათ, რომ თქვენი მხრიდან ლანძღოთ, რასაც აკეთებთ ბოლო წლების განმავლობაში, ეძახოთ ყველაფერი, არ გააკეთოთ არაფერი, გააკეთოთ პირიქით და თქვენ მათგან ელით მეგობრულ დამოკიდებულებას. ახსენეთ ასევე, რომ ბევრ ასპექტში გაცილებით წინ ვართ, ვიდრე სხვა ქვეყნებიო. აი, ეს ასპექტები რა არის? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის თავისუფლება ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებზე წინ, იმიტომ, რომ გყავთ პოლიტიკური პატიმრები. ამ ქვეყანაში იდევნებიან ადამიანები სიტყვის თავისუფლებისთვის და ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს, რომელი ასპექტი? კონკრეტულ კითხვაზე რომ გადავიდე- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თქვენ გააჩერეთ, კი, გააჩერეთ ევროინტეგრაცია, გააფუჭეთ ურთიერთობები ამერიკასთან. ვიზების საკითხი საფრთხის ქვეშ დააყენეთ. ამერიკისგან ვიზების მიღება, გართულდა. თუ ვიყავით ასოცირებული ტრიოს ლიდერი, დღეს აღარ ვართ, რეგიონშიც აღარ ვართ ლიდერები. ამ ყველაფრის ფონზე მაინტერესებს, თვლით თუ არა თავს წარმატებულ მინისტრად? და თუ თვლით თავს წარმატებულ მინისტრად, ამ წარმატებაში მხოლოდ თქვენ მიგიძღვით წვლილი, თუ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც?“ - მიმართა ვიკა ფილფანმა ბოჭორიშვილს.