ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის წევრებს - ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? გინდათ, რომ დაინგრეს ქვეყანა, კიდევ ერთი ომი იყოს - აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობა - Palitra News

ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის წევრებს - ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? გინდათ, რომ დაინგრეს ქვეყანა, კიდევ ერთი ომი იყოს - აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობა

2026-04-15 14:50:21+04:00

ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? იქნებოდა თუ არა უკრაინის მსგავსად, რომელმაც ასევე ყველაფერი გააკეთა?! გინდათ, რომ დაინგრეს ეს ქვეყანა, კიდევ ერთი ომი იყოს. რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკა არ არის დროშასავით საქნევი იარაღი, ეს არის ინსტრუმენტი მთავარი ეროვნული ამოცანების მისაღწევად.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, ჩვენ არც ბირთვული იარაღი გვაქვს, არც სხვა ამ ტიპის იარაღი. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი სახელმწიფოს, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად არის საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა ზოგიერთებისგან განსხვავებით, არ არის დროშასავით საქნევი იარაღი, ეს არის ინსტრუმენტი მთავარი ეროვნული ამოცანების მისაღწევად. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ერთი განსაზღვრავს მეორეს და არა პირიქით, რომ საგარეო პოლიტიკა გადავაყოლოთ იმ ხედვას რომელიც, ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს აქვს, რომ თურმე ბრიუსელში წითელ ხალიჩაზე ხშირად გავიაროთ და ხელი ჩამოვართვათ კაია კალასებსა და კუბილიუსებს. ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენს შორის. ევროინტეგრაცია ზოგიერთს წარმოუდგენია დროშის ქნევა უბრალოდ ან ქუჩაში სირბილი. ევროინტეგრაციას თავისი შინაარსი აქვს. ევროინტეგრაცია ეს არის პირველ რიგში ეკონომიკა. ევროკავშირში არავინ მიგიღებთ თუ თქვენ ხართ დანგრეული და ჩამოშლილი ეკონომიკა, არავინ! ოცნებაშიც კი არავინ მიგიღებთ! არც არასდროს მიუღიათ და არც არასდროს მიიღებენ. საქართველო რეალურად რასაც აკეთებს, ასევე ეკონომიკის განვითარებით, ეს არის ევროპული ინტეგრაციის გზის გაკაფვაც. ვხედავთ, რომ ევროინტეგრაცია გამოიყენება შიდა დაპირისპირებისთვის, პოლიტიკურ ნარატივში შემოგაქვთ როგორც პოლიტიკური იარაღი, რათა დასაჯონ ქვეყანა და ა.შ. სწორედ ამას ემსახურებოდა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება, რომ პოლიტიკურ იარაღად არ ყოფილიყო ეს საკითხი გამოყენებული, თორემ საქმე გრძელდება.

ხომ ამბობთ, რომ თურმე გავაჩერეთ და არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერი რომ გაგვეკეთებინა, რასაც ევროკავშირი გვეუბნებოდა, სად იქნებოდა დღეს საქართველო? იქნებოდა თუ არა უკრაინის მსგავსად, რომელმაც ასევე ყველაფერი გააკეთა?! ეს არის თქვენი რეალური მიზანი. დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინის მდგომარეობაში და უფრო მეტიც, იგივე სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ უარესი დაგვემართებოდა. სინამდვილეში, ესაა რასაც ითხოვთ საქართველოსგან. გინდათ, რომ დაინგრეს ეს ქვეყანა, კიდევ ერთი ომი იყოს. რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი, აქ მივიდოდა ჩვენი მდგომარეობა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.