გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნებას“ სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს - ნაცვლად იმისა, რომ მინისტრს საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, გაწევრიანების პროცესის შეჩერება ევროკავშირს დააბრალა - Palitra News

გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნებას“ სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს - ნაცვლად იმისა, რომ მინისტრს საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, გაწევრიანების პროცესის შეჩერება ევროკავშირს დააბრალა

2026-04-15 15:04:48+04:00

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ „ოცნებას“ სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს. ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა, პირიქით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება ევროკავშირს დააბრალა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ფსევდო ეროვნულობის და ფსევდო პატრიოტიზმის მანტიით შემოსილი მინისტრები, სამწუხაროდ, სრულიად ანტიეროვნული და ანტიპატრიოტული ძალის წარმომადგენლები არიან.

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ “ოცნებას” სრულიად უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ევროპული კურსის დაზიანებაზე, ჩვენ ვიხილეთ სრულიად საპირისპირო, როდესაც მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, პირიქით, ევროკავშირს დააბრალა. მან არაფერზე აიღო პასუხისმგებლობა, არც დემოკრატიულ უკუსვლაზე, ანტიდემოკრატიულ კანონებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ათობით მომიტინგის წინააღმდეგ ძალადობაზე და შემდეგ ამ მოძალადეების დაუსჯელობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვაზე და კიდევ ბევრ სხვა დანაშაულზე. მან აქეთ დაადანაშაულა ევროკავშირი, თითქოს, მათ გამო შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის სამწუხარო რეალობა. ფსევდო ეროვნულობის და ფსევდო პატრიოტიზმის მანტიით შემოსილი „ოცნების“ მინისტრები, სამწუხაროდ, სრულიად ანტიეროვნული და ანტიპატრიოტული ძალის წარმომადგენლები არიან. ეს არის და ეს. ჩვენ რაზე უნდა ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს ქვეყანა, რომელიც ჩიხშია შეყვანილი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა, ან ჯერ კიდევ არ გამოიყენებს ერთ-ერთ ბოლო შანსს, რომ გონს მოეგოს და საქართველო ევროპული მომავლის გზაზე დააბრუნოს“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია გაიმართა. ბოჭორიშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ფრაქციამ “საქართველოსთვის“ მოითხოვა.