„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ახალი რეგულაცია, რომელიც კრძალავს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. მათი თქმით, ქართული ოცნება ყველანაირი გზით ცდილობს ემიგრანტებს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს. ქართული ოცნება კი საიას უცხო ძალების დაკვეთის შემსრულებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.