თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - მნიშვნელოვანია, დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობა, ვინც პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა მოქალაქეებს - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - მნიშვნელოვანია, დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობა, ვინც პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა მოქალაქეებს

2026-04-15 16:25:35+04:00

ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასები გაზრდილია.

ის ამ საკითხზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს აკისრებს.

„მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესახებ დადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა, ვინც ამ პათოლოგიური ტყუილებით ავსებდა საქართველოს მოქალაქეებს და ვინც უკანასკნელი დღეებია გამქრალია „ქართული ოცნების“ ყველა რადარიდან, არსად ჩანს და მის კაბინეტში მის გარეშე „კარუსელებზეა“ ლაპარაკი“, -განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სააღდგომო დღესასწაულებზე ყველამ გამოცადა, როგორ გაძვირდა სხვადასხვა მოხმარების პროდუქტზე ფასები.

„მგონი, დღეს ყველაზე კარგი მომენტია იმის დასანახად, რომ ამ ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა. ამ კომისიის მუშაობის დაწყებიდან დღემდე, ფასი აბსოლუტურად ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე გაძვირდა. ფასების ზრდა გრძელდება უწყვეტად იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც ეს კომისია მუშაობს. 2026 წლის მონაცემები გვეუბნება, რომ სასურსათო ინფლაცია საქართველოში 7.5% იყო. კერძოდ, თევზეულის ფასი 22%-ით გაიზარდა, თხილის და ყურძნის ფასი 14%-ით, პურის და პურპროდუქტების 10%-ით, ხორცის და ხორცის პროდუქტების ფასი 10%-ით, ზეთის და სხვა ცხიმების ფასი 8%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 5%-ით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული 5%-ით. კვერცხის ფასიც 4.5% -ით გაიზარდა. რეალობა არის შემდეგი-2012 წელს დაპირებული განახევრებული დენის ტარიფი გაზრდილ მდგომარეობაში კიდევ 1/3-ით გაძვირდა. ეს შეუქცევადი პროცესი იქნება და ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი გაიზრდება. ამ კომისიის საყურადღებოდ, მეფრინველეობის ასოციაციამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც თქვა, რომ გლობალური პირობებიდან და რეალობიდან გამომდინარე, კვერცხის ფასი აუცილებლად გაიზრდება, რადგან დენის საფასური გაიზარდა. ამ ფონზე, „ქართულ ოცნების“ კომისიამ დაადგინა ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, 5 წლის ბავშვმაც ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო თურმე იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ეს დაადგინა 7-მა მილიონერმა, რომლებიც მასკარადს გიტარებდათ საქართველოს მოსახლეობას, გატყუებდათ და ყოველდღიურად შეურაცხყოფას გაყენებდათ ამ კომისიის მოქმედებით“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი განმარტებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო პროპაგანდის მიზნით შექმნილი კომისია.

„ეს კომისია იყო ტყუილი და არავითარი კავშირი თქვენს რეალურ ცხოვრებასთან ამ კომისიის მოქმედებას არ აქვს. გარდა იმისა, რომ რამდენიმე ნამუსგარეცხილმა მილიონერმა თავის ცხოვრებაში პირველად გაიგო, რა ღირს საქართველოს სუპერმარკეტებში ზეთი, რძე, შაქარი და პური. კითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან - ამ ვითარებაში, ამაზე ვინმე პასუხისმგებლობას იღებს? ის პათოლოგიური მატყუარა, გაყიდვების თანამშრომელი რომ არის „იგლ ჰილსში“, ეს მატყუარა იღებს პასუხისმგებლობას ამ მასკარადზე, რომელიც ქართველ ხალხს მოუწყო და რომლის ბოლოშიც აბსოლუტურად ყველა პროდუქტი გაძვირდა? ვინმე სთხოვთ „ქართული ოცნებიდან“ პასუხისმგებლობას ამ არარაობას და სხვა მისნაირებს, რომლებიც გატყუებდათ თვეების მანძილზე, რომ რაღაც კომისია ფასებს გაგიიაფებდათ. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მოსახლეობასთან, რომლებსაც ამ კომისიის მუშაობის მანძილზე, მინიმუმ 30%-ით ცხოვრება გაუძვირდა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.