კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება - ეს ჩვენი ომი არ არის, ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, რათა კურსი შემეცვალა - Palitra News

კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება - ეს ჩვენი ომი არ არის, ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, რათა კურსი შემეცვალა

2026-04-15 17:12:37+04:00

დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, რათა კურსი შემეცვალა. მე საკუთარი აზრის შეცვლას არ ვაპირებ და პოზიციას არ დავთმობ. ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ირანში ომის დაწყების შემდეგ ხშირად აკრიტიკებს, კერძოდ იმის გამო, რომ სტარმერმა ომის დასაწყისში აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის დიეგო გარსიას ავიაბაზის გამოყენების უფლება არ მისცა.

დონალდ ტრამპმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ადრე უკეთესი იყო.

„სტარმერი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა ადრე უფრო უკეთესი იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა 27-30 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე დონალდ ტრამპს შეხვდება.