„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 7 დაზარალებულ ქალთან ერთად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო'ფლაერტს, წინასწარი მოთავსების იზოლატორებში გაშიშვლების ძალადობრივი პრაქტიკის შესახებ, წერილით დღეს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ელენე ხოშტარია და წერილის ხელმომწერები კომისარს მოუწოდებენ, გამოიყენოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ყველა მექანიზმი, რათა დასრულდეს ეს ღირსების შემლახავი პრაქტიკა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი.
ამასთან, „დროას“ ცნობით, წერილში ხაზგასმულია, რომ 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ დიღმის იზოლატორში განხორციელებული ძალადობა არ არის ცალკეული შემთხვევა. მათივე განცხადებით, ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს და გამოიყენება დემოკრატიული, პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებზე ძალადობისთვის და მათი დაშინების მიზნით.
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლების შემთხვევები არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა, ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა. და ეს პრაქტიკა წარმოადგენს უფრო ფართო, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთ საყრდენს”,- წერია მიმართვაში.
წერილის ხელმომწერების აზრით, იმისთვის, რომ დაკავებული პირების ძალადობრივი გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკა შეწყდეს, არ არის საკმარისი ამ შემთხვევების მხოლოდ დოკუმენტირება - დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და მათი პასუხისგებაში მიცემა იქნება ერთადერთი ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი წამების ნორმალიზაციის წინააღმდეგ.
„პროტესტის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების შეუჩერებელი წინააღმდეგობა, სიმტკიცე და გამძლეობა ცხადყოფს, რომ საქართველოში ვერ დამყარდება სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის ღირსების უმთავრეს ღირებულებად აღიარების გარეშე”,- ნათქვამია მიმართვაში.
„დროას“ ცნობით, დაკავებული ქალების და არამხოლოდ ქალების უკანონო და ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გახდა.
მიმართვას ხელს აწერენ: თამუნა გიორგაძე, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, მარიამ მელიქიშვილი, ნუცა მახარაძე, ნინო ბარძიმაშვილი, ნინო დათაშვილი, ელენე ხოშტარია და ქრისტინე ბოტკოველი(ნენსი ვოლანდი).