ვიკა ფილფანი - სალომე ზურაბიშვილი დისკრედიტაციას უწევდა არჩევნებს და ყველა იმ პარტიას, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში შევდიოდით - ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა - Palitra News

ვიკა ფილფანი - სალომე ზურაბიშვილი დისკრედიტაციას უწევდა არჩევნებს და ყველა იმ პარტიას, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში შევდიოდით - ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

2026-04-16 11:57:59+04:00

სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც 2025 წელს, დისკრედიტაციას უწევდა არჩევნებს და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევდიოდით - ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ამის მიხვედრას „მადიარობა“ არ სჭირდება.

ფილფანი აღნიშნავს, რომ არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება მოთმინება, შრომა, კონსტრუქციულობა და ბოიკოტი ვერაფერს დაეხმარება.

„უნგრეთი კარგი მაგალითია უნგრეთისთვის, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ჩვენს გუნდს უნგრეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი ამისთვის არასდროს გვჭირდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ეს ხალხი, ვინც დღეს საუბრობს, რომ თურმე შესაძლებელია, არჩევნების გზით შეიცვალოს, მათ შორის, ავტორიტარული რეჟიმი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდნენ. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლება შეიცვალოსო. სალომე ზურაბიშვილიც იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და არჩევნები, როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო, დააკნინა. 30 წელია ამ ქვეყანაში ადამიანები შრომობენ იმისთვის, რომ არჩევნები გახდეს რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ქვეყნის პოლიტიკაში და არაერთი მილიონი დახარჯულა იმაში, რომ ქართველებისთვის და ხალხისთვის აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა. ეს 30 წლის ნაშრომი, 2025 წელს, წინასაარჩევნოდ ამ ალიანსებმა და პარტიებმა წყალში ჩაყარეს და თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რაც სამწუხაროა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამას არ სჭირდება მადიარობა. ჯობია თავი დაანებონ, „მე უფრო მაგარი მადიარი ვარ და მე უფრო მაგარი მადიარი ვიქნების“ და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ დისკრედიტაცია გაუწიეს არჩევნებს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე გამოასწორონ მინიმუმ ბოდიშის მოხდით.

არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება მოთმინება, შრომა და კონსტრუქციულობა. ბოიკოტი ვერ დაეხმარება ვერაფერს და ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, უცებ, სწრაფად დაგეგმვით, ერთი თარიღით, რევოლუციური სცენარებით არ გამოდის ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რასაც ბევრი მათგანი ახლა მიხვდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც 2025 წლის წინასაარჩევნოდ, დისკრედიტაციას უწევდა არჩევნებს და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შევდიოდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მან თქვა, რომ მე არ მივდივარ არჩევნებზე და მივდივარ 4 ოქტომბრის აქციაზეო. არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიული მექანიზმი, შეენარჩუნებინა არჩევნების შინაარსი, პირიქით, ამის წინააღმდეგი წავიდა. ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, - განაცხადა ფილფანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.

„მე მჯერა არჩევნების! ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა," - განაცხადა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.