ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება - Palitra News

ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება

2026-04-16 14:17:19+04:00

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი ტრანში, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში გადაეცემა, უკრაინული წარმოების დრონების შეძენას მოხმარდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„2026 წლისთვის უკრაინამ თავდაცვის სფეროში 28.3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მოითხოვა. პირველი მიწოდების გეგმა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დრონებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კუბილიუსმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი მიწოდების შემდგომ გეგმებში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის უფრო მეტ ჩართულობას ელის.

უკრაინული მედია წერს, რომ 12 აპრილის არჩევნებში უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხების შემდეგ ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის დამტკიცება სწრაფად განიბლოკება.