ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა. რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, „ბაზისბანკი“ ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.
როგორც ამ გარიგებასთან დაკავშირებით გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ამ გარიგებას ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი უწოდა და აღნიშნა, რომ ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა უნიკალური შესაძლებლობაა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შეიქმნას მძლავრი, უნივერსალური ფინანსური პლატფორმა და გაძლიერდეს კონკურენცია ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. „დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. უკვე ცნობილია, რომ ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას. მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.