მსოფლიო გლობალური რეცესიის ზღვარზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საგანგაშო პროგნოზს აკეთებს. როგორც „როიტერსი“ წერს,
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2026 წლის გლობალური ზრდის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა, ეს კი იანვარში გაკეთებულ პროგნოზზე 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ფონდის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გარეშე ეკონომიკის პროგნოზს 0.1 პროცენტული პუნქტით, 3.4%-მდე გაზრდიდა, თუმცა ომმა გლობალური ეკონომიკისთვის გაცილებით დიდი რისკი შექმნა, ვიდრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, ერთი წლის წინ დაწესებული მაღალი ტარიფების საწყისმა ტალღამ. დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დიდ ბრიტანეთში აღინიშნა. ფონდის მონაცემებით, წელს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე, ანუ 1.3%-ზე ბევრად ნაკლებია. ევროზონის ძირითად ეკონომიკებს შორის, ყველაზე მეტად ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გერმანიისთვის შემცირდა. სავალუტო ფონდი გერმანიაში წელს მხოლოდ 0.8%-იან ზრდას ელოდება, 2027 წელს 1.2%-იანს, რაც წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აშშ-ის წლევანდელი ზრდის პროგნოზი ფონდმა 2.3%-მდე შეამცირა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ ერთი-მეათედი პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მომავალ წელს ფონდი ამერიკის ეკონომიკის 2.1%-იან ზრდას ელოდება. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით კიდევ უფრო მეტად დაზარალდა ევროზონა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ენერგორესურსებზე ფასების ზრდას ჯერ კიდევ ებრძვის. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ორივე წელს 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წელს 1.1%, ხოლო 2027 წელს 1.2% შეადგინა. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის წლევანდელი ზრდის პროგნოზი 3.9%-დან 1.1%-მდე შემცირდა. საუდის არაბეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო ირანის, ბაჰრეინის, ერაყის, ქუვეითისა და კატარის ეკონომიკები შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განვითარებადი ქვეყნებისა და განვითარებადი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების 2026 წლის ზრდის პროგნოზი იანვარში პროგნოზირებული 4.2%-იდან 3.9%-მდე შეამცირა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერს, რომ ირანთან ომის გავლენა მნიშვნელოვნად განსხვავდება და დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ცენტრთან ქვეყნის სიახლოვეზე, მის სავაჭრო და ფინანსურ კავშირებზე, ფულადი გზავნილების დონესა და ენერგოდამოკიდებულებაზე. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ირგვლივ არსებული უზარმაზარი გაურკვევლობის გათვალისწინებით ფონდი გლობალური ეკონომიკის განვითარების სამ სცენარს პროგნოზირებს, რაც ომის მიმდნიარეობაზე იქნება დამოკიდებული. ყველაზე ოპტიმისტური „საბაზისო სცენარი“ ირანთან მოკლევადიან ომს გულისხმობს და შესაბამისად, გლობალური მშპ-ის რეალურ ზრდას 3.1%-მდე პროგნოზირებს. ამ სცენარის მიხედვით, ნავთობის ფასი მიმდინარე წლის განმავლობაში ბარელზე, საშუალოდ, 82 დოლარი იქნება. უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის „ყველაზე ცუდი სცენარი“ ნავთობის ფასს ბარელზე 100 დოლარამდე, ხოლო 2027 წელს 75 დოლარამდე ინარჩუნებს. ამ შემთხვევაში, IMF-ის პროგნოზით, გლობალური მშპ-ის ზრდა წელს 2.5%-მდე შემცირდება, ინფლაცია კი 5.4%-მდე გაიზრდება. გაჭიანურებული და ინტენსიური კონფლიქტის ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, ნავთობის საშუალო ფასი წლის განმავლობაში 110 დოლარი იქნება, ხოლო გლობალური ეკონომიკური ზრდა 2%-ზე ქვემოთ დაეცემა. ეს 1980 წლიდან მხოლოდ ოთხჯერ მოხდა და ბოლოს COVID-19-ის პანდემიის, ასევე, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა. ამ სცენარის მიხედვით, ინფლაცია წელს 5.8%-ს მიაღწევს, ხოლო მომდევნო წელს 6.1%-მდე გაიზრდება.