ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა - Palitra News

ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა

2026-04-16 15:04:58+04:00

ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირასაა. ევროპის ავიაკომპანიებს საწვავის მარაგი მხოლოდ მაისის ბოლომდე ეყოფათ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა, Corriere della Sera წერს. გამოცემა იუწყება, რომ ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტია მოსალოდნელი. ახალი მიწოდების გარეშე ზოგიერთ ქვეყანას ავიასაწვავი შესაძლოა, 8-10 დღეში ამოიწუროს, ხოლო ევროპაში არსებული მთლიანი მარაგი, რომელშიც სპარსეთის ყურიდან უახლესი მიწოდებებიც შედის, შესაძლოა, მხოლოდ მაისის მეორე ან მესამე დეკადამდე იყოს საკმარისი, რაც ზაფხულის ტურისტულ სეზონს საფრთხეს უქმნის. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ევროპის იმპორტდამოკიდებულება. მის მიერ მოხმრებული საავიაციო საწვავის, დაახლოებით, 43% სპარსეთის ყურიდან მოდის. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ტრანზიტის შეფერხების გამო, კონტინენტი ავიაგადაზიდვების პიკური სეზონის წინ, მარაგის მწვავე დეფიციტის წინაშე უკვე დგას. ამასთან, ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სიმძლავრის მაქსუმუმზე მუშაობენ და მათი წარმოების სწრაფი ზრდა გამორიცხულია. გამოცემის ცნობით, ზოგიერთი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე შეზღუდვებს უკვე აწესებს ან პრიორიტეტს რეგულარულ რეისებს ანიჭებს, ხოლო კერძო რეისებზე უარს ამბობს. მაისი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს: თუ ავიასაწვავის ახალი მიწოდება არ მოხდა, ქვეყნები სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას დაიწყებენ, რის შემდეგაც ცალკეულ აეროპორტებში საწვავის მიწოდების შეზღუდვა, ან სულაც შეწყვეტაა მოსალოდნელი. ამჟამად ევროკავშირისთვის ერთადერთი ალტერნატივა აშშ-დან ავიასაწვავის მიწოდებაა, თუმცა მისი ფასი და პირობები ჯერ კიდევ უცნობია. უახლოეს დღეებში ბრიუსელი მარაგის რეალური დონის შეფასებას გეგმავს და კრიზისის შემსუბუქების შესაძლო ნაბიჯებს, მათ შორის, ქვეყნებზე საწვავის განაწილების მექანიზმს განსაზღვრავს.