გასულ წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და ხილის წარმოება შემცირდა, თუმცა გაზრდილია ყურძნისა და ციტრუსის წარმოება - Palitra News

გასულ წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და ხილის წარმოება შემცირდა, თუმცა გაზრდილია ყურძნისა და ციტრუსის წარმოება

2026-04-16 15:05:39+04:00

გასულ წელს საქართველოში ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და ხილის წარმოება შემცირდა, თუმცა გაზრდილია ყურძნისა და ციტრუსის წარმოება. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2025 წელს საქართველომ დაახლოებით 143 ათასი ტონა ხორბალი მოიყვანა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ერთწლიანი კულტურებიდან გაზრდილია ქერის წარმოება 24.8 %-ით და 60 ათას ტონას გადააჭარბა. სიმინდის მოსავალმა 200 ატას ტონას მცირედით გადააჭარბა და ეს მონაცემიც შემცირებულია წინა წელთან, 5.3 %-ით. შემცირებულია კარტოფილის წარმოებაც 6.1 %-ით და 208 ათასი ტონა შეადგინა. თუმცა, 2025 წლის განმავლობაში წარმოებულია 146 ათას 300 ტონა ბოსტნეული, რაც 8.9 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 15.6%-ითაა შემცირებული ხილის (ყურძნისა და ციტრუსის გარდა) წარმოება. რაც შეეხება ყურძენს, წარმოება გაზრდილია 8.3%-ით. საინტერესოა, რომ ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა დაახლოებით 65.3 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 49.4 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 24.0 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 14.3 ათასი ჰექტარი.