ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არაღჩიმ მადლობა გადაუხადა პაკისტანს აშშ-თან მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, რაც, მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობის სიღრმესა და სიმტკიცეს ასახავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის მთავარი მომლაპარაკებელი, არმიის ფელდმარშალი თეირანში აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილით ჩავიდა. ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ზავი, შესაძლოა, კიდევ 14 დღით გაგრძელდეს. რასაც თეთრ სახლში უარყოფენ. დიპლომატიური მოლაპარაკებების მცდელობების ფონზე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება. მისივე თქმით, ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის“ განადგურებასთან ახლოსაა.