ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს - Palitra News

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

2026-04-17 09:27:03+04:00

მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს.

სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე თეა ლეონიძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა.

გასულ სხდომაზე კი ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს.

პროკურატურა მსჯავრდებულების იმ მუხლით დამნაშავედ ცნობას ითხოვს, რითაც ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის დადგომას მოითხოვს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.