საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები. ისინი უკვე შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, შეხვედრა იყო კონსტრუქციული და დეტალური. მხარეებმა განიხილეს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და შეთანხმდნენ, რომ რთული თემების მიუხედავად, დიალოგი აუცილებელია საერთო გამოსავლის მოსაძებნად. ოპოზიციაში კი განაცხადეს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე პარტნიორების ვიზიტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი ვიზიტები აუცილებელია, რომ ქართულ ოცნებას დაანახონ, მათი მხრიდან არის მზაობა ქვეყანა დააბრუნონ დემოკრატიულ ორბიტაზე.