„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების რეალისტური გზა არის არჩევნებით რეჟიმის დამარცხება, მისასალმებელია.
„მე მივესალმები სალომე ზურაბიშვილის სწორ პოზიციონირებას. ცალსახად ვერ მივესალმები წარსულში მის აბსოლუტურად მცდარ პოზიციებს არჩევნებთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა ის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი შემოუერთდა „ძლიერ საქართველოს“ და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მივიჩნევთ, რომ ერთადერთი ნორმალური რეალისტური გზა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების არის არჩევნებით ამ რეჟიმის დამარცხება, ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
გარდა ამისა, ის ასევე გამოეხმაურა არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ შეფასებას, სადაც მან არაბულ ინვესტიციაზე საუბრისას, ინვესტორების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა და არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში მონაწილე პოლიტიკურ ოპონენტებს მარგინალური ჯგუფები უწოდა. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, ნიკოლოზ სამხარაძის აზრების მიღმა, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, სად არის ის სიკეთე, რაც არაბულ ინვესტიციებს ქვეყნისთვის უნდა მოეტანა.
„ივანიშვილის ფერმაზე მიკედლებული ბინძური ბოცვერი თურმე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიცია არის მარგინალური. ამ არსებას მინდა ვუთხრა, რომ რამდენიმე წუთი და საათი აქვს დათვლილი იმისთვის, რომ ჰალსტუხმოღერებული ამ ქვეყანას წარმოადგენდეს, ამ გაუგებრობაში იყოს. სინამდვილეში, ამ არარაობის აზრების მიღმა, საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, სად არის ინვესტიცია, სად არის ფული, ბედნიერება და ის სიხარული, რომელსაც “გაყიდვების ბიჭუნა”, კობახიძე ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას. სად არის ეს ყველაფერი? დღეს გავიგეთ, რომ უზუფრუქტით უკვე გადასცეს ქართული სახელმწიფო მიწები არაბებს, მაგრამ ფული ისევ არსად ჩანს, არავითარი სიკეთე არსად არ ჩანს, დასაქმებული ადამიანები არ ჩანან და ვიღაც არარაობა აქეთ-იქით დადის და ლაპარაკობს, რომ მარგინალები არიან საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც ამის წინააღმდეგ გავიდნენ. აბსოლუტური უმრავლესობაა ამ ქვეყნის, ვინც მზადაა, რომ ვინმე სამხარაძე გაბრდღვნას ამ შეურაცხყოფისთვის, რაც ამ არარაობამ იკადრა“, - განაცხადა დათუნაშვილმა“,- განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, თურქეთში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მათ შორის საქართველოში არაბულ ინვესტიციას. მისივე თქმით, „არაბული მხარე ინფორმირებულია იმ მავნებლური ოპერაციის შესახებ, რომელიც საქართველოში არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ტარდება“. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ არაბულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია, რომ „ეს არის პოლიტიკური ოპონენტების, მარგინალი ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანია, რომლის მიზანია ეკონომიკური და პოლიტიკური საბოტაჟი“.