ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ორგანიზაციებში, ისინი სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან და ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო - ეს უნდა შეიცვალოს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ორგანიზაციებში, ისინი სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან და ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო - ეს უნდა შეიცვალოს

2026-04-17 14:01:24+04:00

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია.

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა საქართველოს მიდგომა ასეთია, ცდილობს მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

„ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია“,- აღნიშნა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან.

„შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია: კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით - ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში - გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს.

ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, „ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.