შალვა პაპუაშვილი - უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს - მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი

2026-04-17 14:04:54+04:00

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ქართული ოპოზიციის სტრატეგიასა და გეგმებს.

პაპუაშვილის განცხადებით, „ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ნეპალელი და ვერასოდეს იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები“.

„ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს, რომ ახლა უნგრელობის მანტიას ირგებენ, კიდევ კარგი. მაგრამ ვნახეთ, რომ ნეპალელები გახდნენ ჯერ, მერე ვნახეთ, რომ ვენესუელელები გახდნენ, მერე ირანელები გახდნენ. მზად არიან, იყვნენ ყველა, ქართველების გარდა. ეს მთავარი პრობლემაა, სინამდვილეში, ისინი არ არიან ქართველები თავიანთი სულით. ანტიქართველები არიან თავიანთი პოლიტიკით. სწორედ მათი პოლიტიკაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი პოლიტიკაა, საქართველო იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებლები და მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ ამ ნაბიჯებით. „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე რომ დადიოდა, ამიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასე რომ არ მოქმედებს, ამიტომ გვაქვს 14-წლიანი მშვიდობა. ჩვენც ისე რომ მოვქცეულიყავით, როგორც ესენი იქცეოდნენ, დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ქართველი პოლიტიკოსები არ არიან, უნდათ, იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსი, ხან ნეპალელი და ვერასოდეს იქნებიან ქართველი პოლიტიკოსები. ამ მხრივ მათი საშველი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.