„ოპოზიციურმა ალიანსმა“ წარადგინა ხედვა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ფასების დაწევა მოხდეს პროდუქტზე და გრძელვადიანად რა არის გასაკეთებელი ეკონომიკაში იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს.
„ოპოზიციურ ალიანსის“ გზავნილები დღეს გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების სწრაფი ზრდა მოხდა, ქმედით ნაბიჯებს დგამს შესაბამისი ხელისუფლება, ჩვენთან კი პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას.
„პირველი ნაბიჯი: საწვავზე აქციზის გადასახადის მინიმუმ განახევრება;
მეორე ნაბიჯი: დღგ-ს 1%-ით შემცირება;
მესამე ნაბიჯი: საშემოსავლო გადასახადის 1%-ით შემცირება.
ეს ნიშნავს მილიარდ 600 მილიონის დატოვებას ადამიანების ჯიბეში ამ გაზრდილი ფასების პირობებში. თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას, ამას გააკეთებდა ისე, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. სხვა ქვეყნებში, სადაც ფასების სწრაფი ზრდა მოხდა, მაგალითად საწვავზე, აბსოლუტურად ყველგან ქმედით ნაბიჯებს დგამს შესაბამისი ხელისუფლება. ჩვენთან პირიქით არის, უფრო გვიძვირებენ ცხოვრებას, ჯარიმებს ზრდიან, მანქანების განბაჟებას ზრდიან.
მეორე: რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?! ეს „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, რომელიც ბეჭდავს ფულს და ცხოვრებას გვიძვირებს.
მესამე: გრძელვადიანად რომ არ ხდებოდეს ქვეყანაში ფასების ზრდა და უფრო ძვირი რომ არ იყოს ცხოვრება, ვიდრე სომხეთში და მეზობელ ქვეყნებში, წარმოდგენილია დოკუმენტი, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ჩვენ რას გავაკეთებდით. ეს არის ალტერნატივა მათსა და ჩვენს შორის. ოპოზიციის ალიანსს კონკრეტული გზავნილი აქვს ხალხისთვის: დიახ, შესაძლებელია, თქვენ შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ შეღავათს, ბოროტები მანქანა, რომელიც მმართავს ქვეყანას, არ გიკეთებენ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.