ლევან ხაბეიშვილი - დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს, გაგიჟებულხართ ხალხო! ხომ არ გადაირიეთ, მართლა? გეტყვით, ეს რატომ მოგვდის: რა გავაკეთოთ არ ვიცით, ამიტომ ფიქრობენ, ბიძინას თუ ვერ ვუგებ, „ლელოს“ ან გახარიას დავამარცხებ - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს, გაგიჟებულხართ ხალხო! ხომ არ გადაირიეთ, მართლა? გეტყვით, ეს რატომ მოგვდის: რა გავაკეთოთ არ ვიცით, ამიტომ ფიქრობენ, ბიძინას თუ ვერ ვუგებ, „ლელოს“ ან გახარიას დავამარცხებ

2026-04-17 15:08:55+04:00

კი, არჩევნები არის ჩვენი საქმე, მაგრამ დღეს როგორი არჩევნებია, ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს თუ არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ ხალხო! არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხი ითხოვს არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება ეს არჩევნები.

„მინდა გამოვეხმაურო და საზოგადოებას ჩემი პოზიცია მოვახსენო. არავის ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ, ბევრ რამეს ციხიდან სხვანაირად ვუყურებ, რთულია რაღაც რეალობები აღიქვა ბოლომდე, მაგრამ მაქვს ცოტა კრიტიკული შეფასებები, მაქვს კონკრეტული შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებზე და ვეცდები მაქსიმალურად რბილად შევაფასო. ორბანთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გასაოცარი ამბავი მოხდა, ორბანმა წააგო და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი რაღაცნაირად აქეთ ჩავარდა დეპრესიაში. ასეთი რაღაცები რატომ გვემართება, არ ვიცი...

ჩვენ რა გვჭირს, როცა ვიმარჯვებთ, ვთქვათ, რომ ბიძინას მოკეთე დამარცხდა, დეპრესიაში ვვარდებით. რაღაც მოგონილ თემას ვიღაცა გამოაგდებს და ამაზე ატყდება ცრუ განგაში და იწყება დიალოგი. ტელევიზორს ვუყურებდი და ვიღაცამ თქვა, ასეთი არჩევნებიო, ესა და ესაო. ასეთ რაღაცას ვიტყვი- ჯანყი გურიაში ასეთი იყო, ბატონყმობის გადაგდება მოინდომეს გურულებმა, 3000 გურული შეიკრიბა და ოზურგეთს ალყა შემოარტყეს. საღამოს ერთმა პროვოკატორმა კაცმა გაირბინა ამ აჯანყებულ გლეხებში და თქვა, რომ რუსები მოდიან და დაგვხრეტენ ყველასო და დაიფანტა ეს ხალხი, არავინ იცის, სად გარბოდნენ ბატონყმობის გადასაგდებად მებრძოლი გურულები. ასე ცუდად დამთავრდა ანუ ერთი შევარდა, შეგზავნილი კაცი და ყველა დაიფანტა. ასეა აქაც. ე.ი. გამოდის ვიღაცა და მიდის ძიძგილაობა, არჩევნები იქნება, კარგი იქნება, არ იქნება - პოლიტიკოსი მუჰამედ ალი კი არ არის. 2014 წელს არჩევნებში ვმონაწილეობდით, 2016, 2017 წლებში კანდიდატი ვიყავი. კი, არჩევნები არის ჩვენი საქმე, მაგრამ დღეს როგორი არჩევნებია, ახლა ამას თუ მნიშვნელობა არ აქვს და ეს თუ არის სადისკუსიო, გაგიჟებულხართ ხალხო!

ორბანი როგორი კაციც არ უნდა ყოფილიყო, ის არის პოლიტიკოსი.

ორბანს ფული უნდოდა იმიტომ, რომ ეკეთებინა პოლიტიკა და ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული. უდიდესი განსხვავებაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი. გარეთ რუსთაველზე ხალხი რას ითხოვს? ორი მოთხოვნა აქვთ და ახლა ამბობენ, აჰა, ახლა, არჩევნები უნდათო? ხალხი ითხოვს არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. ეს არჩევნები როგორი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა? ამიტომ, ეს რაღაც შემოგდებული თემა, რომ „აი, მე ხომ ვამბობდი, რომ არჩევნებით უნდა“.... ხალხო, ხომ არ გადაირიეთ, მართლა? მაგრამ ეს რატომ მოგვივიდა გეტყვით, საქმე დავიწყებული გვაქვს, რა გავაკეთოთ არ ვიცით, ამიტომ მოდი, რა ბიძინას თუ ვერ ვუგებ, აგერ „ლელოს“ დავამარცხებ ან გახარიას. ხალხო, ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ ორგანიზებული, რა არის საერთო მტერი, პრობლემა და რაღაცას ვაკეთებდეთ, დისკუსიები გვაქვს ერთმანეთში და დავცხებთ ერთმანეთს. არ არის ეს არც სწორი და არც ნორმალური.

არ შემიძლია არ ვისაუბრო მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით. რუბიომ რომ დარეკა იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, რა მაგარია, ამერიკელებმა თურმე დარეკეს და არ დავრჩებით ხალხო მარტო, აქეთ ვიღაცები დეპრესიაში ჩავარდნენ. ხალხო, რაღაც თუ არ იცით [ამის თქმა არაა უხერხული]. პირობითად, არ ვიცი ინგლისური და ვამბობ, რომ არ ვიცი. რაღაც რომ არ იცი, კი არ „ტეხავს“ - ამერიკელებს საქართველოს ცა არ სჭირდებათ. ვიღაცეებმა კიდევ საკენკი დაუგდეს „ქოცებს“, რომ აი, რუბუომ დარეკა და ჩვენი ცა ხომ არ სჭირდება ამერიკასო“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი მოსაზრებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს სინამდვილეში დაურეკა იმისთვის, რომ ეთქვა, ამერიკას საქართველოში მილიონები აქვს დახარჯული და „ამასობაში სხვა ინფორმაცია მოდის წყალივით“.

„რუბიოს რომ ეთქვა - ე, ირაკლი, როგორ ხარ ჯიგარო? ეს დილას „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ იქნებოდა, რომ რუბიომ დაურეკა ირაკლის. თავს მოგვაჭამდნენ...

მუდმივად ვართ ერთმანეთის კრიტიკაში.

ყველა სოციალურ ქსელშია და არ ვიცი, ალბათ, ტელევიზორს მარტო მე ვუყურებ და მე გადავირიე ერთი და იგივე რომ გადის ტელევიზორში - ყველა ექსპერტია და გამოდის, რომ 2012 წელს მე, ხატია დეკანოიძეს და თინა ბოკუჩავას მოგვიყვანია ბიძინა ხელისუფლებაში... იმედს ვიტოვებ, რომ საბოლო ჯამში, ეს სიტუაცია რაღაცნაირად გადაწყდება.

ციხეში რომ შედიხარ, თავიდან ითვლი წუთებს, მერე საათებს, მერე დღეებს და მერე წლებს. ბატონო ბექა (პროკურორი), იმედია წლებზე არ გადამიყვანთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.