სასკოლო ფორმები იქნება დაახლოებით 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უხდება შვილის სასკოლო აღჭურვა - [ფორმის ღირებულება] ალბათ, ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მშობელთა დიდი ნაწილი, რომელთაც აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ.
„ვერ დაგეთანხმებით „ძვირადღირებულობასთან“ დაკავშირებით. ამის მოკვლევა ჩატარებული გვაქვს, რა თქმა უნდა. სასკოლო ფორმები დაახლოებით იქნება 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უხდება მისი სასკოლო აღჭურვა. სოციალურად დაუცველ პირებზე მინისტრმა განაცხადა, რომ 60 000 ქულაზე ნაკლებ მოსწავლეებზე სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და თვითონ უზრუნველყოფს აღნიშნული ტიპის დაფინანსებას. არის მშობელთა დიდი ნაწილი, რომელთაც აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს”,- განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა თანხაზეა საუბარი და რა დაჯდება ერთი მოსწავლის ფორმა, გაბისონიამ უპასუხა, რომ ფორმის ღირებულება, ალბათ, „ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება“.
“ზუსტი ციფრის თქმა მე გამიჭირდება, უბრალოდ არ ვიცი, რადგან ეს არ არის ჩემი საკურატორო მიმართულება. [ფორმის ღირებულება] ალბათ, ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება. უბრალოდ ძალიან მიჭირს ამის თქმა, იქნება ჩემგან არასერიოზული განცხადება, რადგან იცით, რომ ბაზრის მოკვლევა ახლა დაწყებული, ფორმის დიზაინიც დამტკიცების პროცესშია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაადრევია აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სხვა რომელიმე კატეგორიის ოჯახებისთვისაც ხომ არ შეიძლება სასკოლო ფორმები სახელმწიფომ შეიძინოს, გაბისონიამ განაცხადა, რომ დამატებითი გადაწყვეტილებების შესახებ საუბარი გაუჭირდება, თუმცა მშობლებს გაცილებით უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯები ექნებათ, ვიდრე სტანდარტულ დროს აქვთ ხოლმე.
„პირველ რიგში ჩვენ სტატისტიკა გვჭირდება. გამიჭირდება, რომ დამატებითი გადაწყვეტილებების შესახებ გითხრათ - ვნახოთ როგორი იქნება. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ჯერ ბაზრის კვლევაა მხოლოდ გამოცხადებული, ამიტომ პროცესები წინ გვაქვს და ამის მიხედვით შესაძლებელია გარკვეული ტიპის შუალედური გადაწყვეტილებები იყოს.
როგორც ვიცი, გაცილებით უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯები ექნებათ, ვიდრე სტანდარტულად მშობლებს შვილების მიმართ სწავლების დროს აქვთ ხოლმე, რადგან ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. ამის გამოა სახელმწიფო შპს შექმნილი, იმისათვის არის შექმნილი, რომ დამატებითი დანარიცხები არ ყოფილიყო და კერძო სექტორისთვის არ გაგვეხსნა ეს გზა იმ ნაწილში, რომ მოგების კოეფიციენტი მაღალი ყოფილიყო. ამიტომ ამას აკონტროლებს სახელმწიფოს მიერ შექმნილი შპს. ამიტომ ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მშობლებისგან იქნება ძალიან დიდი კმაყოფილება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.