მინისტრის მოადგილე - ჩვენ ბაკალავრს არც მაგისტრად, არც დოქტორად არ ვაქცევთ, დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი მაგისტრად, ბაკალავრი ბაკალავრად - საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა „ბაკალავრი“ განსაზღვრული არ არის - Palitra News

მინისტრის მოადგილე - ჩვენ ბაკალავრს არც მაგისტრად, არც დოქტორად არ ვაქცევთ, დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი მაგისტრად, ბაკალავრი ბაკალავრად - საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა „ბაკალავრი“ განსაზღვრული არ არის

2026-04-17 16:22:53+04:00

2007, 2008 ან 2009 წელს გაცემულ დიპლომში თუ მითითებულია „ბაკალავრი“ ან „მაგისტრი“, ეს კანონი მას არ ეხება. ბაკალავრს ჩვენ არც მაგისტრად, არც დოქტორად არ ვაქცევთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აქ საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა ბაკალავრი განსაზღვრული არ არის, რადგან ქვეყანა ბოლონიის მოდელზე არ იყო გადასული.

„კანონს აქვს თავისი ენა და შესაბამისად, ხშირად არის რთულად აღსაქმელი. საუბარია იმაზე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხება ბაკალავრებს, მაგისტრებსა და დოქტორებს ანუ იმ საფეხურებს, რომელიც დღეს ჩვენი კანონმდებლობითაა განსაზღვრული. 2005 წელს საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს. ბოლონიის პროცესი გულისხმობდა საფეხურებად დაყოფას უმაღლესი განათლების მოდელისა: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის. შესაბამისად, იმ დროს არსებულ მოდელში უნივერსიტეტებს განესაზღვრათ პერიოდი, დაახლოებით 2007-2008 წლებში უნდა უზრუნველეყოთ ყველა ძველი საგანმანათლებლო პროგრამის მოდელის გადაწყობა ამ ახალ მოდელზე, 4+2 მოდელზე - იმ პერიოდისთვის რაც იყო ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, მაგრამ სამწუხაროდ, უნივერსიტეტების ნაწილმა, 2010 წლამდე ვერ მოასწრო ყველა პროგრამის გადაწყობა ახალ ბოლონიის პროცესის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2010 წელი სწორედ ამიტომ არის აღებული იმ ზღვრად, რომლის დროსაც, სტატისტიკურად, ყველა პროგრამა უკვე იყო გადაწყობილი ახალ მოდელზე.

ძველი მოდელის მიხედვით, არსებობდა ერთი და იგივე მოდელის, 4 -წლიანი და 5-წლიანი სწავლის პერიოდები. საუბარია, ე.წ. დღის დასწრებულ მოდელზე და ე.წ. დაუსწრებელ მოდელზე. შედეგზე გასასვლელად ერთი ხარჯავდა 4 წელს, მეორე 5 წელს. სწორედ ასეთ დიპლომზეა საუბარი და არა ბაკალავრიატის.

2007, 2008 ან 2009 წელს არსებულ დიპლომში თუ მითითებულია „ბაკალავრი“ ან „მაგისტრი“, ეს კანონი მას არ ეხება. შესაბამისად, ბაკალავრს ჩვენ არც მაგისტრად, არც დოქტორად არ ვაქცევთ. დოქტორი დარჩება დოქტორად, მაგისტრი დარჩება მაგისტრად, ბაკალავრი დარჩება ბაკალავრად. აქ საუბარია ისეთ დიპლომებზე, სადაც სიტყვა „ბაკალავრი“ განსაზღვრული არ არის, რადგან ამ მოდელზე გადასული არ იყო და ძველი მოდელით მოდიოდა.

თქვენ იცით, რომ არსებობს სამსახურები, რომლებიც ითხოვენ მაგისტრის ხარისხის არსებობას. შესაბამისი დამსაქმებელი აგზავნის აღნიშნულ აპლიკანტს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში, რომ მოახდინოს აღიარება შესაბამისი დიპლომის, რომელ კატეგორიას შეესაბამება ახალი ბოლონიის მოდელიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ კანონში ნათელი ჩანაწერი არ არსებობდა, იყო უარი და ეს მიდიოდა დავაში შესაბამის სასამართლო ინსტანციაში. სტატისტიკის მიხედვით, 1250 აღძრული საქმიდან 1130 დავა გვაქვს წაგებული, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს. არცერთი დავა არ გვაქვს მოგებული. 120 დარჩენილი საქმე არის წაგების პროცესში. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება სრულიად კანონის ჩარჩოში მოქცეული“, - განაცხადა გაბისონიამ.