„პალიტრა მედია“ 31 წლის გახდა - Palitra News

„პალიტრა მედია“ 31 წლის გახდა

2026-04-18 12:52:54+04:00

„პალიტრა მედია“ 31 წლის გახდა. გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა. მალევე „კვირისპალიტრა“ მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად იქცა, რა პოზიციასაც დღემდე ინარჩუნებს. ობიექტურობა, სანდოობა, აქტუალურობა და მრავალფეროვნება - გაზეთის წარმატების ფუნდამენტი იყო პრინციპები, რომელსაც „პალიტრა“ ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს. დღეისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან თავიანთ სეგმენტში. ასევე, ჰოლდინგი ფლობს რადიოს და ტელევიზიას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა. რაც მთავარია, გამსხვილებას და განვითარებას შეუქცევადი ხასიათი აქვს. ამ დროისთვის ჰოლდინგში 3 000-მდე ადამიანი მუშაობს და მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება. ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა - ეს არის მთავარი ფუნდამენტი იმ 31-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა“ ჰქვია.